ავტორი: ნათელა ცერცვაძე,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენის სიწმინდის დაცვა თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. სამწუხაროდ, დღესაც უხეშად ირღვევა ქართული ენის ნორმები. ეს ვითარება შეინიშნება არა მარტო მოზარდ თაობაში, არამედ უფროსებშიც. მშობლიურ ენას კი თვალის ჩინივით გაფრთხილება უნდა. იცავდე შენს ენას ნიშნავს, იცავდე შენს მეობას, შენი ერის კულტურასა და ისტორიას.
მიუხედავად იმისა, რომ სალიტერატურო ქართულს, როგორც უკვდავების წყაროს, ისე ვეწაფებოდეთ, ხშირად ვაწყდებით მის დამახინჯებულ ფაქტებს. ენას ვანაგვიანებთ ბარბარიზმებით, ჟარგონით, სხვადასხვაეროვანი კალკით.
მოსწავლეებმა გრამატიკა უნდა ისწავლონ ყოველდღიური მეტყველების დასახვეწად, მაგალითად:
განა ძნელია ვთქვათ: ზუთხი, მუხუდო, ოხრახუში, ლორი, ნაბახუსევი… რატომ უნდა ვამბობდეთ: ასეტრინა, გაროხი, პეტრუშკა, ვიჩინა, პახმელია.. ეს რუსულის გავლენაა.
დღეს შეინიშნება ინგლისური ენის გავლენაც, მაგალითად:
მესიჯი – შეტყობინება
დათაგვა – მონიშვნა
დალაიქება – მოწონება
სმაილი – ღიმილი
დაკლიკვა – დაწკაპუნება
ფეიკი – ყალბი
ჩატი – ჯგუფი
კალკირება ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი გზაა, მაგრამ, როცა ენას აქვს საკუთარი ლექსიკური ერთეული, კალკირებული ფორმის გამოყენება სტილისტურ ხარვეზად მიიჩნევა, ასე მაგალითად:
გაყიდვაშია – იყიდება
შეხებაშია – ეხება
სახეზეა – აშკარაა
არ მაწყობს – ჩემთვის არ არის ხელსაყრელი
გვახსოვდეს, ჟარგონისა და დიალექტიზმების ხმარება სალიტერატურო ქართულში დაუშვებელია!
მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვცდილობ, რომ მოსწავლეებს გავუღრმავო მშობლიური ენის სიყვარული, გაითავისონ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა, მოვლა-პატრონობა.
მიზნის მისაღწევად ვგეგმავ შესაბამის აქტივობებს:
- უმართებულო და მართებული ფორმების შედარება-შეპირისპირება;
- თეორიული მასალის განმტკიცება;
- პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;
- ტექსტის რედაქტირება;
- სასწავლო რესურსის შექმნა;
- ტესტებზე მუშაობა;
- პლაკატების შექმნა: ,,ვწეროთ და ვილაპარაკოთ სწორი ქართულლით!“ ,,არა ბარბარიზმს!“
- (მოსწავლეები იწერენ თანატოლთა და უფროსთა მეტყველებისას დამახინჯებულ ლექსიკურ ერთეულებს აწყობენ ანბანის რიგზე, განალაგებენ პრინციპით: ,,არ არის სწორი“, ,,სწორია“, ბარბარიზმებს უძებნიან ქართულ შესატყვისებს.)
პლაკატებს ვაკრავთ თვალსაჩნო ადგილას, რაც ხელს უწყობს ბავშვის გონებაში სწორი ფორმების დალექვას.
ასე რომ, ჩვენ, ყველა ერთად, დარაჯად უნდა ვუდგეთ ჩვენს ენას, ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყველა ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა.