ახალი ამბები

გორის მერია “ღამის შოუს სტუდიას” საახალწლო განათებებისთვის 222 950 ლარს გადაუხდის 

გორის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს “ღამის შოუს სტუდია” გამოაცხადა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 950 ლარს გადაუხდის. აღნიშნული კომპანია ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.  

გორის მერიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს. ენმ-ს წევრი გორის საკრებულოში, ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობა არ შეესაბამება ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 

“აღნიშნულ კომპანიას საქმიანობის აღწერაში უწერია ვიდეორგოლების და კინოფილმების გადაღება. ანუ საახალწლო განათებების შეძენას კიარა, კანალიზაციის მოწყობასაც მალე შეითავსებენ რუსული განწყობების კომპანიები”, – ამბობს ანი ბალიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ შპს “ღამის შოუს სტუდიამ” მსგავსი ტენდერი გასულ წელსაც მოიგო. მას ქუთაისის მერიამ საშობაო ნაძვის ხის შესაძენად 146 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნულ კომპანიას საერთო ჯამში  2 331 247 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებულო ხელშეკრულებების ღირებულება 1 531 915 ლარია. 

ინფორმაციისთვის, გასანათებელი მოწყობილობებისა და ნაძვის ხის სათამაშოების შესაძენად გორის მერიამ ტენდერი 11 ოქტომბერს გამოაცხადა. უწყება გეგმავს შეიძინოს ნაძვის ხის დამატებითი ტოტები განათებით, ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო ილუმინაცია. 

დატოვეთ კომენტარი