ბლოგები

რატომ არის აუცილებელი მოსწავლის საჭიროებების დროული გამოვლენა და რა როლი აქვს ამაში ოჯახს და სკოლას?

ავტორი: ნანი კარელიძე, სპეციალური განათლების პედაგოგი

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ესპანეთში შეიკრიბა 92 მთავრობის 300 -ზე მეტი წარმომადგენელი, რომელთაც დაადასტურეს:

  • რომ მხარს უჭერენ განათლებას ყველასათვის და აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოზრდილების ჩვეულებრივ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას,
  • რომ ყველა ბავშვს აქვს უნიკალური მახასიათებლები, ინტერესები, უნარები და სასწავლო საჭიროებები;
  • და რომ ჩვეულებრივი სკოლები ინკლუზიური ორიენტაციით არის დისკრიმინაციული დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლის, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის და განათლება ყველასთვის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არის მოწოდება და თხოვნა ყველა მასწავლებლის მიმართ, მეტი ძალისხმევით მოეკიდონ, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ადრეულ იდენტიფიკაციასა და ინტერვენციის სტრატეგიებს, ასევე ინკლუზიური განათლების პროფესიულ ასპექტებს.

თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის წარმატებაზე პასუხისმგებელია არა ინდივიდუალური მასწავლებელი, არამედ საგანმანათლებლო გუნდი და ოჯახი. მშობლების მხრიდან დადებითი დამოკიდებულება ხელს უწყობს სკოლაში მოსწავლის სოციალურ ინტეგრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეულ წელზე მეტია, რაც სკოლებში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა, მაინც ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ნაკლებად ინფორმირებულები არიან ამ მეტად მნიშვნელოვანი და მე თამამად ვიტყოდი, მათი შვილებისთვის საჭირო და აუცილებელი სერვისის არსებობის შესახებ.

ყველა სკოლაში ფუნქციონირებს რესურს ოთახი, რომელიც აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, ხოლო სსსმ მოსწავლეთა აკადემიური და კოგნიტური უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნავს მრავალი კვალიფიციური სპეციალური განათლების პედაგოგი.

მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუ როგორ გაიუმჯობესეს უნარები სსსმ მოსწავლეებმა, რომლებიც უკვე მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მინდა გითხრათ რამდენიმე შემთხვევა, როცა მშობელმა (და არა მარტო) უყურადღებობით თუ სიჯიუტით, ბავშვი არ ჩართო ინკლუზიური განათლების პროგრამაში თითქოსდა, ჩემი შვილი არ მინდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  იყოსო.( საინტერესოა მის შვილს თანაკლასელები ვერ ხედავენ, რომ საგაკვეთილო პროცესში არ ერთვება?) ისმის კითხვა, რა ურჩევნია მშობელს მისმა შვილმა აითვისოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ გამოადგება, რითაც შეძლებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, თუ სკოლის დამთავრების შემდეგ, არ იცოდეს წერა-კითხვა, ანგარიში და მუდამ სხვაზე იყოს დამოკიდებული? ვფიქრობ, პასუხი მარტივია.

რამდენიმე დღის წინ ერთმა მასწავლებელმა გულისტკივილით მითხრა, მოსწავლე გოგონა საბაზო საფეხურზეა და ჯერ მისი ხმა არავის გაუგონიაო. ასეთი კი არაერთია.

ვის არის ხშირად დამნაშავე? 

პასუხი მარტივია, სკოლა და ოჯახი.

  • ოჯახი, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობელს, თუ კანონიერ წარმომადგენელს, არ სურს აღიაროს მასწავლებლის მიერ მიწოდებული იმფორმაცია შვილის საჭიროების შესახებ, და არ მიმართავს სკოლას.
  • სკოლა კი იმიტომ, რომ ზოგჯერ მასწავლებელი არ აწვდის მშობელს დროულად ინფორმაციას შვილის საჭიროების შესახებ.

სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ბავშვი ზარალდება.

მშობლის და სკოლის მოთხოვნების თანხვედრა კი ეს უკვე მოსწავლის წარმატების გარანტიაა.

ხშირად მშობლები ერიდებიან შვილისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებას. 

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს სტატუსი მხოლოდ სასიკეთოდ, წინსვლისთვის ადგება მოსწავლეს, რომ ეს არ არის იარლიყი, ამ სტატუსის შესახებ იციან თანაკლასელებმა და მასწავლებლებმა, რომლებიც ისედაც ყველაზე უკეთ ხედავენ მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს სტატუსი გზას უხსნის მოსწავლეს ნებისმიერ პროფესიულ სასწავლებელში კონკურსის გარეშე ჩარიცხვაში. სტატუსი არ წერია არც ატესტატში.

რას ვურჩევ მშობლებს?

მინდა ხმა მივაწვდინო ყველა მშობელს, რომელთა შვილებსაც სჭირდებათ დახმარება, მიმართონ დროულად სკოლას დახმარებისთვის, სანამ ბავშვები დაწყებით საფეხურზე არიან. ამ დროს უფრო ადვილია მათი დახმარება, რათა ბავშვები საბაზო საფეხურს მომზადებულები შეხვდნენ.

ერთი წუთით დავფიქრდეთ, მოსწავლე, რომელმაც მე-2, მე-3, მე-4 და ზოგჯერ მე-7 კლასშიც არ იცის წერა-კითხვა, ვერ ცნობს ასოების ნაწილს, ვერ ცნობს რიცხვებს 100-მდე, ვერ ახერხებს შეკრება-გამოკლებას, რა მომავალი ექნება?

მოსწავლე, რომელიც აითვისებს აუცილებელ აკადემიურ უნარებს, ის უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ხდება თავის შესაძლებლობებში, უფრო მიკუთვნებული თავის კლასთან და არაა ყველა გაკვეთილზე თავჩაღუნული, რომელიც ერიდება მასწავლებელს შეკითხვას.

ჩემი გულწრფელი რჩევაა იმ მშობლების მიმართ, რომლებიც არ იღებენ დროულ გადაწყვეტილებას შვილების სასიკეთოდ, ნუ დავკარგავთ ძვირფას წლებს მოლოდინში, რომ რამე თავისით შეიცვლება, გამოვიყენოთ დრო სასარგებლოდ, შვილების განვითარებისთვის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები