აგარის პოლიციის უფროსი, იოსებ გელაშვილი დაკავებულია. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და კონტრაბანდას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილიდან, სახლიდან და სამუშაო ოთახიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გელაშვილი ფიგურირებდა გასულ წელს 19 წლის ბიჭის ცემის საქმეში. აგარელი ნიკა ოსაძე, გელაშვილსა და აგარის პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ნიკა ოსაძე ამბობდა, რომ აგარის პოლიციის ხელმძღვანელმა, სოსო გელაშვილმა გააჩერა, ავტომობილში იძულებით ჩასვა და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ, სხვა სამართალდამცველებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ბრალდების საფუძველზე გამოძება დაწყებული ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. აღნიშნული უწყება გამოძიებას სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით იძიებდა, თუმცა რა შედეგით დასრულდა აღნიშნული გამოძიება, უცნობია.
მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა, გელაშვილი აგარის პოლიციაში ხელმძღვანელის თანამდებობას კვლავ იკავებდა.