სტატიები

ქალაქის არასწორი დაგეგმარების შედეგად, შექმნილი სატრანსპორტო ქაოსი გორში – ფოტოები

მალე გორშიც ისეთივე საცობები იქნება, როგორსაც თბილისში ვხედავთ”, –  მსგავს კომენტარებს გორელი მძღოლები სულ უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ. მათთვის და მათთან ერთად ქვეითად მოსიარულეებისთვისაც, ბოლო წლებში, გორში ბევრი რამ შეიცვალა.

სამოქალაქო სექტორი შიშობს, რომ ქალაქის არასწორი დაგეგმარება და ქაოსური განაშენიანება გორს სატრანსპორტო კოლაფსამდე მიიყვანს. 

სატრანპოსპორტო ქაოსი განსაკუთრებით თვალშისაცემი წმინდაწყლის დასახლებაშია – აქ  კომერციული შენობები თუ საცხოვრებელი კორპუსები ერთი მეორეს მიყოლებით შენდება, რის გამოც, ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება მძღოლებისთვის გართულებულია. 

„წმინდაწყალზე წასვლა თუ გინდა, უნდა გაგიმართლოს და ავტობუსი თავის დროზე მოვიდეს, რადგან ტაქსები ერიდებიან ამ დასახლებაში წასვლას, საცობში დგომა არავის უნდა”, – ამბობს მოქალაქე, რომელსაც ყოველდღიურად სამსახურში სიარული კომბინატის დასახლებიდან წმინდაწყალზე უწევს.

სატრანსპორტო ქაოსზე საუბრისას, აღსანიშნავია, ჭავჭავაძის გამზირის და გურამიშვილის ქუჩების კვეთა. მიმდებარე ტერიტორიის განსატვირთად, 2016 წელს ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გაცალმხრივდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ამ ნაბიჯმა მდგომარეობა ოდნავადაც არ გააუმჯობესა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ქაოსური განაშენიანების და სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგად, ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო არაკომფორტული გახდება. კიდევ უფრო შემცირდება საპარკინგე ადგილები, ფეხით თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება კი ნელ-ნელა შეუძლებელი გახდება. რადგან მაღალსართულიანი კურპუსების მშენებლობა კონკრეტულ დასახლებებს მჭიდროდ დასახლებულს ხდის, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხშირად, რეკრეაციული ზონების კი არა, საპარკინგე ადგილების მოწყობისთვის საკმარისი სივრცეც აღარ რჩება. 


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.