გორში ინტელექტუალური შეჯიბრი “სიტყვის ძალა” გაიმართება, რომელიც პროექტის „საუკეთესო მოქართულე“ ყოველწლიური გუნდური თამაშია.
ორგანიზატორების ცნობით, შეჯიბრი ემსახურება ახალგაზრდების ლექსიკის გამდიდრებას, მოზარდებისათვის ფასეული ქართული სიტყვებისა და გამონათქვამების სწავლებას.
“შესარჩევი ტური 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია გორის მუნიციპალიტეტის IX-XII კლასების მოსწავლეებს თითო სკოლიდან თითო წარმომადგენელს”, – უთხრეს “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.
შესარჩებ ტურში, ტესტური კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 6 ყველაზე წარმატებული მონაწილე, რომლებიც ფინალური შეჯიბრისთვის საკუთარ გუნდებს შექმნიან.
“ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს შესარჩევ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეთა მეთაურობით შექმნილი 6 გუნდი. თითოეული სკოლის გუნდი უნდა შედგებოდეს 5 მოთამაშისაგან მეთაურის ჩათვლით”.
ფინალური შეჯიბრი 26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება.
კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობით, ხვალ, 18 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).