ახალი ამბები

ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გორის მე-8 სკოლაში კლუბი მუშაობს 

გორის მე-8 და ურბნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მართა ჩიტიშვილმა და დავით ჩიტაძემ გლობალურ ჰაკათონში მიიღეს მონაწილეობა. როგორც მათმა მენტორმა “მოზაიკას” უთხრა, “NASA Space Apps Challenge 2023”-ისთვის ისინი მთელი წელი ემზადებოდნენ. 

“მეორე წელია, რაც მასში ვმონაწილეობთ. შარშან ჩვენმა გუნდმა პირველ ადგილი დაიკავა. წელს მართალია საპრიზო ადგილი ვერ ავიღეთ, თუმცა ბავშვებმა ბევრი კარგი იდეა ჩამოაყალიბეს”, – გვითხრა მარიკა ჩიტაძემ. 

გლობალურ ჰაკათონზე მართამ და დავითმა პრეზენტაციები სხვადასხვა საკითხებზე წარადგინეს, მათ შორის კლიმატზე, კოსმოსზე და აპარატულ უზრუნველყოფაზე. როგორც მათი მენტორი ამბობს, მოსწავლეებმა შესაბამისი ცოდნა ტექნოლოგიების კლუბში დააგროვეს, რომელიც გორის მე-8 საჯარო სკოლაშია შექმნილი. 

“ამ კლუბის წევრები არიან ეს ბავშვები, თუმცა გარდა კლუბის წევრი მოსწავლეებისა, ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეს შეუძლია მსგავს პროექტებში მონაწილეობა. ამ კლუბის მიზანია ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება მოსწავლეებში. ისინი სწავლობენ პროგრამირებას, დიზაინს, შარშან სწავლობდნენ პითონს, პროგრამირების ერთ-ერთ ენას, წელს სწავლობენ გრაფიკულ დიზაინს”, – გვითხრა მარიკა ჩიტაძემ. 

ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები, როგორც ჩიტაძე ამბობს, მუდმივად ემზადებიან სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში და კონკურსებში მონაწილეობისთვის. 

“მსგავს პროექტებში მონაწილეობა ბავშვებს უყალიბებს კომუნიკაციის უნარებს. ისინი უფრო მეტ ცოდნას იღებენ სხვადასხვა მიმართულებებით.  21 საუკუნეში კი ტექნოლოგიები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით და გავაგრძელებთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას”. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი