საგნის სწავლების გარდა, მასწავლებელი მოზარდს უნდა დაეხმაროს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.
ზვიად გოგუაძის თქმით, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს სწორად მასწავლებელი ასრულებს. როგორც ის ამბობს, ამ როლის ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია, რომ მასწავლებელი თავადაც იაზრებდეს და ითავისებდეს დემოკრატიულ ფასეულობებს.
“თითოეული მასწავლებლის გამოწვევაა თვითონ სწორად ესმოდეს მონაწილეობის, კანონის უზენაესობის, ინკლუზიურობის და სხვა დემოკრატიის მახასიათებლები იმისთვის, რომ შესძლოს მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარება. დღეს მასწავლებელს ძალიან სჭირდება ოჯახის მხარდაჭერა ბავშვის სწავლა-სწავლების და განვითარების საქმეში და თუ ეს ასე არ არის, მასწავლებელსაც და ზოგადად, სისტემას გაცილებით მეტი ძალისხმევა უწევს. ვერ ვიტყვი იმაზე სწორად და ლამაზად, როგორც უკვე თქვა მალალა იუსაფზაიმ, რომ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა”, – ამბობს ზვიად გოგუაძე.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება.