სტატიები

ქარელის 1-ელი სკოლის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს 

ქარელის 1-ელი სკოლის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. ნინო გოგიჩაშვილი 2022 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

როგორც ის “მოზაიკას” უყვება, სკოლიდან განსხვავებილი პოლიტიკური შეხედულებების გამო, გაათავისუფლეს, რადგან წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას მხარს ღიად უჭერდა. 

“2020 წელს გამოცხადდა კონკურსი  სკოლაში ექთნის ადგილზე, კონკურსის წესთი მოხდა ჩემი შერჩევა და დავიწყე მუშაობა. 2021 წელს თვითმართველობის არჩევნებზე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საარჩევნო პროცესში ჩემი შვილები. კერძოდ, ისინი გახარიას პარტიის წევრები იყვნენ და ერთ-ერთი შვილი პარტიული სიის მეორე ნომერი იყო. მეც ოპოზიციურად განწყობილი  ვარ ამ მთავრობისადმი, რადგან ჩემი იდეები ვერ ემთხვევა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ამიტომ არჩევნებზე ჩემი შვილების გვერდით ვიდექი, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი ვიყავი”, – გვიყვება ნინო გოგიჩაშვილი. 

გოგიჩაშვილი ამბობს, რომ ამის გამო, მის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა სკოლის ადმინისტრაციისგან. მისი თქმით, დირექტორი სისტემატურად აფრთხილდებდა და ეუბნებოდა, რომ გაჩერებულიყო. 

“დირექტორი მიბარებდა და მეუბნებოდა გავჩუმებულიყავი, ნუ ვაქტიურობდი, მიტინგებზე ნუ დავდიოდი, მემუქრებოდა, რომ სამსახურიდან გამიშვებდა და ხელშეკრულებას აღარ გამიფორმებდა, არ მაძლევდა საშუალებას შვებულებით მესარგებლა, რაც კანონით მეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, დირექტორთან ურთიერთობა ძალიან გამირთულდა”, – ამბობს ის. 

ნინო გოგიჩაშვილი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, მიზეზად დირექტორის მიერ სამჯერ გამოცხადებული საყვედური დაუსახელეს, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. 

“ერთ კვირაში 8, 15 და 20 დეკემბერს, ზედიზედ სამი საყვედური გამომიცხადა ისე, რომ ამის შესახებ ჩემთვის არც უცნობებია. მოგვიანებით გავიგე, რომ განცხადება, რომელიც მე დავწერე და შვებულებას ვითხოვდი, არ იყო დაკმაყოფილებული და თვითნებურად დავტოვე სკოლა და ამ პერიოდში მოსწავლე დაშავდა და სკოლაში ექთანი არ იმყოფებოდა, ამის გამო სასტიკი საყვედური მაქვს გამოცხადებული, რის გამოც ერთი წელი მუშაობის უფლებაც აკრძალული მაქვს, თუმცა ჩანაწერები არსებობს, რომ მე, როდესაც ბავშვი დაშავდა, სკოლაში ვიყავი მთელი დღე. ჩემთვის ვინმეს ხომ უნდა ეცნობებინა, პირველ საყვედურს, რომ მიცხადებდნენ, მეორე საყვედური აღარ დამემსახურებინა და კარგად მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს იყო მიზეზების ძებნა ჩემ გასათავისუფლებლად”, – ამბობს ნინო. 

ნინო გოგიჩაშვილის ბრალდებების საპასუხოდ “მოზაიკა” ქარელის 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორს, მარიკა საზანდარაშვილს გაესაუბრა. სკოლის დირექტორი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აბსურდს უწოდებს. 

“ამ ყველაფერს ეს პიროვნება სპეციალურად საუბრობს, რადგან მას პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურს საფრანგეთში. სიმართლე კი, რის გამოც, იგი სკოლიდან იქნა გათავისუფლებული, იყო გაცდენები, სისტემატურად აცდენდა სამუშაოს, საზღვარგარეთ დადიოდა გამუდმებით. მაგ დღესაც, როდესაც საყვედური გამოუცხადეთ, იგი სკოლაში არ იმყოფებოდა, მოსწავლე კიბეზე დაეცა, დაუზიანდა ნიკაპი, ექთანი კი ადგილზე არ იმყოფებოდა. ბავშვს დახმარება მანდატურმა და მასწავლებელმა გაუწია. შესაბამისად,  მოხდა დასკვნის დაწერა და საყვედურის გამოცხადება”, – განმარტავს მარიკა საზანდარაშვილი. 

სკოლის დირექტორის მტკიცებით, ექიმის მიერ შვებულების შესახებ განცხადება არ უნახავს და შესაბამისად ხელსაც ვერ მოაწერდა. 

“რაც შეეხება შვებულებას, მან დაწერა განცხადება, თუმცა მე ეს არ მინახავს, ჩემამდე არ მოსულა და არც ხელი მომიწერია. შინაგანაწესში წერია, რომ განცხადების წარდგენა სკოლის დირექტორთან უნდა მოხდეს, მითუმეტეს, რომ სკოლაში 600 მოსწავლეა და ექთანი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაგჭირდეს, თუმცა მან სკოლა დატოვა თვითნებურად და საფრანგეთში გაფრინდა. ასეთი ფაქტები კი იყო სხვა პერიოდებშიც, ერთ წელიწადში მარტო 3-ჯერ მოხდა მისი მხრიდან სკოლის უნებართვოდ დატოვების ფაქტი”, -გვითხრა მარიკა საზანდრიშვილმა.

გათავისუფლებული ექიმი ამბობს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დღემდე გრძელდება. მან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა სახალხო დამცველსა და განათლების სამინისტროს, საიდანაც რეაგირებას ელოდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი