ახალი ამბები

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მხატვარ გიგო გაბაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენა ტურიზმის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

“გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენის იდეა ტურიზმის განყოფილებას ეკუთვნის. გვინდოდა, რომ მხატვრის შემოქმედება ახლოს გაეცნო ჩვენს ქალაქს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას. ნამუშევრების დათვალიერება შეეძლებათ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. ამით ხელს ვუწყობთ მუზეუმის პოპულარიზაციას, ქალაქში ტურისტული ობიექტების და ტურისტული ბრენდების, ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას”, – ამბობ მაღლაკელიძე.

გამოფენაზე 8 ეგზემპლარია წარმოდგენილი. ნამუშევრების უმრავლესობა ხევსურეთის თემატიკაზეა, თუმცა ერთ-ერთ ტილოზე მხატვარს დახატული აქვს უფლისციხეც.

“ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი ადამიანის ნამუშევრების სხვა ქალაქში გადატანა და გამოფენა ასეთი მარტივი არ არის, ეროვნულმა მუზეუმმა დიდი პატივი გვცა და ერთ კვირაში ტექნიკური საკითხები მოგვარდა და შევძელით ჩამოტანა, ყველა წესის დაცვით. ნახატები სახელმწიფო დაცვის ქვეშ არის აყვანილი”, – აღნიშნავს მაღლაკელიძე.

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი და ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგო გაბაშვილი XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლებ​ში მოღვაწეობდა.

 გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით შესრულებული ნახატებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.