სტატიები

რა პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს ქალაქის ქაოსური განაშენიანება? 

იერსახის ცვლილებასთან ერთად, ქაოსური განაშენიანება ცვლის  ცხოვრების ხარისხსაც – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს. 

ადგილობრივების მოსაზრებები “მოზაიკამ” პროექტის “სისტემური მმართველობისთვის შესაცვლელად” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოისმინა, სადაც ითქვა, რომ გორის განაშენიანება ქალაქის ავთენტურობის და მოქალაქეთა საჭიროებების უგულებელყოფით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

გორი ბეტონის ქალაქად რომ არ იქცეს, ეს გეგმა დღესვე გვჭირდება, – აღნიშნა ოთო გვრიტიშვილმა, რომელიც შიშობს, რომ ქაოსური განაშენიანების გამო, შესაძლოა გორმა  კულტურულ-ისტორიული მიმზიდველობა დაკარგოს. 

“ალბათ გაქვთ ინფორმაცია მშენებლობის გაცემული ნებართვების შესახებ. მარტო ესეც რომ აშენდეს, ქალაქი იმდენად შეიცვლის სახეს, რომ ის ავთენტურობა, რაც ამ ქალაქს თავისი აქვს, დაიკარგება და ერთი სტანდარტული რიგითი ქალაქი გახდება”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, მხოლოდ ერთ წელში გორის მერიამ  2017 სამშენებლო ნებართვა გასცა.

“გაიცა 217 მშენებლობის ნებართვა, მათ შორის: ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების”, – ნათქვამია გორის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ანგარიშში. 

ამ მონაცემებზე საუბრისას, მოქალაქეთა ნაწილი იერ-სახის გარდაუვალ ცვლილებასთან ერთად, უსაფრთხოებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

“ჩვენ ვხედავთ ერთმანეთზე მიდგმულ მრავალსართულიან კორპუსებს, საიდანაც რაიმე სტიქტიური უბედურების შემთხვევაში, მოქალაქეთა ევაკუაციაც კი შეუძლებელი იქნება. უკვე გვაქვს ასეთი ადგილები ქალაქში და თუ ქაოსურად გაგრძელდა განაშენიანება, მთელი ქალაქი სიცოცხლისთვის საშიშ სივრცედ იქცევა, მით უმეტესს, რომ გორი სეისმურად აქტიური ზონაა”, – აღნიშნა თეონა ფანქველაშვილმა.

მოქალაქეები არასწორი განაშენიანებით ხსნიან ქალაქში მზარდ სატრანსპორტო ქაოსსაც. როგორც ისინი ამბობენ, დასახლებებებისთვის ფუნქციური დატვირთვის მინიჭებაც გაუაზრებლად ხდება, რასაც საბოლოოდ განვითარების ნაცვლად, პრობლემები მოჰყვება. 

“ქალაქის არასწორი დაგეგმარება იწვევს, მაგალითად, საცობებს. თუნდაც ავიღოთ ჭავჭავაძის ქუჩის ცალმხრივად გადაკეთება, რის შემდეგაც ავტომობილები იძულებულები არიან სამეფო ქუჩით ისარგებლონ. მას შემდეგ, ამ ქუჩაზე საცობებიც ხშირია და ავტომობილის გაჩერებაც პრობლემური. ასე ხდება, როცა გეგმის გარეშე მიიღება გადაწყვეტილებები”, – აღნიშნავს კახა ქარელიძემ. 

ადგილობრივებმა შეხვედრაზე შოვის ტრაგედიაც გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ქალაქის სწორად და უსაფრთხოდ განაშენიანება ამის შემდეგ მაინც უნდა გამხდარიყო მთავარი საფიქრალი და საზრუნავი. 

“ქალაქის განაშენიანების გეგმაზე საუბარი დიდიხნის წინ უნდა დაგვეწყო, როდესაც 13 ივნისს თბილისს ღვარცოფმა გადაუარა, ან მაშინ, როდესაც შოვის ტრაგედია დაგვატყდა, ან კიდევ მაშინ, როდესაც გურიაში უხვმა ნალექმა ხალხის სიცოცხლე და საცხოვრებელი სახლები შეიწირა. ქალაქში უკონტროლოდ დაწყებული მშენებლობები იმედი მაქვს სამომავლო ტრაგედიისთვის არ ამზადებს ჩვენს ქალაქს, სადაც არც ნიადაგია შესწავლილი და არც ის ხარისხი, თუ როგორ შენდება ან რამდენად უსაფრთხოა ახალი შენობები”, – აღნიშნა სოფო ასკილაშვილმა. 

შეხვედრის მონაწილეები მზად არიან, ამ საკითხზე საკუთარი ხედვები ხელისუფლებასაც გააცნონ. ასევე, სურვილი აქვთ, რომ ამ, ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყოს და განაშენიანების გენერალური გეგმა მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით დამტკიცდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.