ბლოგები

რატომ უჭირთ მოსწავლეებს წერითი დავალებების შესრულება?

ავტორი: ნანა ლომიძე

თანამედროვე მოსწავლეების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქართული ენისა და ლიტერარტურის გაკვეთილზე წერითი დავალებების შესრულებაა. ამ საკითხით ბევრი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელია შეწუხებული.

ცხადია, ჩვენს მოსწავლეებს ტექნოლოგიების ეპოქაში უწევთ განათლების მიღება. ისინი დამოკიდებულნი არიან სოციალურ ქსელებზე, ამიტომ ასეთი ტიპის დავალებებთან ჩნდება პრობლემებიც. მოზარდები საქმეს იიოლებენ და ინტერნეტსივრცეში ეძებენ მზა პროდუქტს, რაც ვფიქრობ მათთვის საზიანოა.  

როგორც ვიცით, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას უფრო ეფექტურს ხდის, მაგრამ მოსწავლეები ამას სხვა კუთხით ხედავენ. მათ მიაჩნიათ, რომ დავალება მარტივია, რადგან არსებობს ინტერნეტი, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ მათი პრობლემის გადაჭრა ამ გზით შეუძლებელია.

წერის პროცესი მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე წარმოუდგენელია მოაზროვნე,  განვითარებული, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული მოზარდის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის გაგება-გააზრებას, ანალიზს, დახარისხებას, შეფასებებას, საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციების გამოხატვას.

ამ მხრივ საყურადღებოა წერითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული აზრის წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მოსწავლეების, მშობლებს, მასწავლებლებს და  გავუწიო რეკომენდაცია.

როდის აღმოვაჩინე პრობლემა?

უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს პატარა ასაკიდანვე ხშირად ვავალებ აზრის წერილობით გადმოცემას სხვადასხვა თემიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას ამობეჭდავდნენ და მოჰქონდათ, უკეთეს შემთხვევაში კი უფროსებს სთხოვდნენ დახმარებას. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ ფორმით შესრულებულ დავალებას ბევრი მათგანი არც იაზრებდა და ჩნდებოდა პრობლემაც.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, კითხვისა და წერის უნარებია. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას და მერე კითხულობს, ჯერ სწავლობს წერას და მერე წერს. იმისათვის, რომ ისწავლოს წერა-კითხვა, მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.

წერა არ გულისხმობს მხოლოდ ასოების სწორად მოხაზვას. ამ სიტყვაში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია თავმოყრილი. წერითი უნარები, სხვა უნარებისაგან განსხვავებით, თავისთავად ვერ ვითარდება, მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. მათ შორის წიგნიერების მაღალი დონე. ადამიანი, რომელიც კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, იაზრებს, აკვირდება, აფასებს, შემდეგ მსჯელობს წაკითხულზე – უმდიდრდება ლექსიკური მარაგი, რაც ერთ-ერთი განმსაზღვრელია წერისას.

როდიდან ან როგორ უნდა მიეჩვიოს მოზარდი წერით დავალებებს?

ეს ცოტა რთული დასადგენია, თუმცა შემიძლია ვურჩიო ყველას, რომ დაწყებით საფეხურზევე მივაჩვიოთ მოსწავლეები წერას. ვასწავლოთ საკუთარი აზრის წერილობით გადმოცემა. რა მოეწონა და რატომ, რა არ მოეწონა და რატომ, რაში გამოიყენებს წაკითხულს და ა.შ. ბავშვობიდან ამის შთაგონება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში მოზარდში განვითარდეს და ჩამოყალიბდეს წერის უნარი. ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობისათვის.

როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას?

პირველ რიგში, ვაცნობ მიზანს. რისთვის  გვჭირდება წერა. შემდეგ ვუხსნი, რომ ნებისმიერ წაკითხულ ინფორმაციას, მოთხრობას თუ ზღაპარს სჭირდება  კარგად დამუშავება, რისთვისაც ვთავაზობ საინტერესო სქემებსა და მკითხველის დღიურს.

თუ ასე არ ვიმუშავებთ, რა შედეგს მივიღებთ?

მოსწავლე მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაწერს ინტერნეტში სასურველი თემის დასახელებას, პირდაპირ ამობეჭდავს და მოიტანს სკოლაში. რა სარგებელი მიიღო  ამ დროს მოსწავლემ? რა თქმა უნდა, არაფერი. პირიქით, დაზარალდა, დაკარგა დრო, დახარჯა ფურცელი და დასაბეჭდი საღებავი. რატომ? იმიტომ, რომ მან ვერ გაიაზრა დავალების ინსტრუქცია, საჭიროება და ვერ შეძლო აზრის წერილობით გადმოცემა. 

რაც შეეხებათ მასწავლებლებს, ისინი თვლიან, რომ დავალება არასრულფასოვანია. მოსწავლეები თავადაც შეწუხებულები არიან ამ სიტუაციით. ისინი ვერ აანალიზებენ, რომ გადმოწერა არ ნიშნავს დაწერას. საჭიროა თითოეული ფრაზა იყოს მისეული, საკუთარი, საინტერესო და განსხვავებული, რაც თავისთავად გულისხმობს ინფორმაციის ანალიზს, შეფასებას და ა.შ. მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება დაეხმარებათ ცოდნის დონის ამაღლებასა და გაგება-გააზრების უნარის განვითარებაში.

ასეთია ჩემი რეკომენდაცია მასწავლებლებისათვის:

  • აუცილებელია კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა როგორც  გაკვეთილზე, ასევე შინ;
  • წერითი დავალებები თავდაპირველად შევასრულოთ ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ;
  • დავალების შედგენისას მეტი კონკრეტული მითითება სჭირდებათ მოსწავლეებს;
  • წერითი დავალებების მიცემისას, აუცილებელია შეფასების რუბრიკის გაცნობა მოსწავლეებისთვის;
  • ძალიან სახალისო და საინტერესოა, თუ თავად შექმნით მკითხველის დღიურს და მოსწავლეებს მისცემთ მითითებებს თითოეულ საკითხზე.
  • მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირი;
  • მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ტექსტის დამუშავება, გაგება-გააზრება ინფორმაციის ორგანიზატორების გამოყენებით.
  • საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
  • ვასწავლოთ მოსწავლეებს გარკვეული ჩარჩოს მიხედვით მსჯელობა და არგუმენტირება პატარა ასაკიდანვე.

რეკომენდაციები მშობლებს:

  • თვალი ადევნეთ, რომელ საიტს, წიგნს, ჟურნალს კითხულობენ და დაეხმარეთ ბავშვებს სწორად შერჩევაში;
  • ნუ დააძალებთ კითხვას, იძულებით შესრულებული ნებისმიერი საქმიანობა უშედეგოა;
  • შეეცადეთ, არ ჩაერიოთ მასალის დამუშავების პროცესში, მხოლოდ ფასილიტატორობა გაუწიეთ;
  • ურჩიეთ და ნუ დაუწერთ.

რეკომენდაციები მოსწავლეებს:

და ბოლოს, მოსწავლეებს ვურჩევ, რომ იკითხონ ბევრი მხატვრული ლიტერატურა, შემდეგ კი ისაუბრონ წაკითხულზე მეგობრებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან. იმის  გათვალისწინებით,  რომ  ანალოგიური  პრობლემა  –  წერასთან დაკავშირებული სირთულეები – შეიძლება  ზრდასრულებსაც  აღმოაჩნდეთ, შევიმუშავე  გარკვეული  რეკომენდაციები:

  • მოსწავლეებს ვასწავლოთ რას მიაქციონ ყურადღება, მივცეთ მკაფიო და ზუსტი ინსტრუქცია;
  • გაკვეთილზე გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები, მეთოდები, რესურსები (ცხრილები, დიაგრამები), რათა მოსწავლეებმა ისწავლონ აზრის წერილობით გადმოცემა;
  • გრაფიკული ორგანიზატორები და ტექსტის გასააზრებელი დვალებები მოსწავლეებს უადვილებს გაგება – გააზრებას;
  • საშინაო დავალების მიცემისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები, შესაძლებლობები და მივცეთ არჩევანის საშუალება;
  • მოსწავლეებს მივცეთ უკუკავშრი დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით;

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თუ მასწავლებელი და მოსწავლები ერთად, მიზნიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად შერჩეული აქტივობებით მუშაობენ, შედეგიც არ დააყოვნებს. უფრო მეტიც რამდენიმე  მიმართულებით ვავითარებთ მოზარდებს. ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, შემიძლია რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბება:

  • საჭიროა, მოსწავლეები პატარა ასაკიდანვე  სისტემატურად ვამუშაოთ ამ ტიპის დავალებებზე;
  • დაწყებით საფეხურზე  თავიდანვე სწორად უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ შეცდომა ჩვევად არ ექცეთ;
  • საბაზო საფეხურზე  ხშირად უნდა დავუთმოთ დრო წერით დავალებებს როგორც საკლასო სივრცეში, ასევე სახლში;
  • მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი დავალებების შესრულებისას;
  • დავალებების ერთ-ერთ ნაწილად ვაქციოთ წერა;
  • შევაყვაროთ მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა;
  • მოვუხსნათ მოსწავლეებს კომპლექსი, რათა თავისუფლად გადმოსცენ აზრი. ნუ შევზღუდავთ მათ.

აქვე გთავაზობთ კონკრეტულ მითითებებს დავალების შესასრულებლად:

როდესაც წაიკითხავენ გარკვეულ ნაწარმოებს, შეიძლება ამ კითხვებით გავიგოთ, რა დოზით სჭირდებათ მოსწავლეებს ჩვენი დახმარება წერის დაწყებამდე:

  • რისი გაგება გაგიჭირდათ და რისი გაგება გაგიადვილდათ ტექსტზე მუშაობისას?
  • რა კავშირები დაინახეთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებსა და თქვენს გამოცდილებას შორის? ან: როგორ დაუკავშირებთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებს თქვენს  გამოცდილებას?
  • მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ოსტატობის რომელი ასპექტი იყო განსაკუთრებით საინტერესო თქვენთვის?
  • რა როლი ეკისრება მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შესწავლილ ნაწარმოებში?
  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო დრო და ადგილი ნაწარმოებისთვის (სიუჟეტისთვის, მწერლის სათქმელის უკეთ გამოსახატად)?
  • ამოიცანით რომელიმე სიმბოლო, მოტივი ან გამომსახველობითი საშუალება და იმსჯელეთ მასზე.
  • რომელი პერსონაჟია ნაწარმოებში ისეთი, რომლი ქცევამაც დაგაფიქრათ?

გარდა ამისა, აუცილებლად ვასწავლოთ, რომ სანამ წერას დაიწყებენ მიუთითონ, რომელ ნაწარმოებს განიხილავენ და რომელ ეპიზოდს შეეხებიან. 

ამ მცირე რეკომენდაციით, იმედია წარმატებას მიაღწევენ მოსწავლეები და ცოტათი მაინც გაიუმჯობესებენ წერით უნარებს.

დატოვეთ კომენტარი