საჯარო სკოლებში მასწავლებლობის მსურველები ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ფორმალურად ჩატარებულ გასაუბრებებზე. კანდიდატები ამტკიცებენ, რომ კომისიებს გასაუბრების დროს ვაკანტურ ადგილას კადრი უკვე შერჩეული ჰყავთ. ბოლო რამდენიმე თვის განმალობაში შიდა ქართლში მსგავს გასაუბრებაში მონაწილე სულ მცირე სამმა კანდიდატმა ამაზე საჯაროდ ისაუბრა.
ნინო ონიაშვილი, რომელსაც საჯარო სკოლაში პედაგოგობა სურდა, კომისიის წევრებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ საჯარო სკოლებში მასწავლებლობის მსურველთათვის გასაუბრებები არასამართლიანად ტარდება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ზოგადად, პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ ისეთი აღშფოთებული და გაოგნებული ვარ, საჯაროდ რომ არ ვთქვა, დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან. ქარელის საჯარო სკოლებში რესურსცენტრის მეთვალყურეობით ჩატარებული გასაუბრება არის შეჯიბრი არა პედაგოგის გამოცდილებასა და კომპეტენციაში, არამედ “ვის უფრო კარგი პატრონი ჰყავს ზემოთ”. საკმაოდ ბევრი მტკიცებულებები დამიგროვდა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. პირადად მე, ოთხჯერ ვარ ამის მოწმე. სამწუხაროა, ასე გვინდა მომავალი თაობის აღზრდა?! ევროკავშირში კი არა, მთელი ძალით მიგვათრევენ საბჭოთა კავშირში”, – წერს ნინო ონიაშვილი.
ონიაშვილი არც საჯარო სკოლას ასახელებს და არც შერჩეული კანდიდატის ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ გასაუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას აცნობეს, რომ კომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რის მიხედვითაც სკოლაში პედაგოგად რესურსცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილი იყო შერჩეული.
გასაუბრებაზე კომისიის 5 წევრიდან, ერთ -ერთი ქარელის რესურსცენტრის უფროსი, გიორგი კობახიძე იყო. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შემთხვევა არ არის ერთადერთი, როცა მასწავლებლობის მსურველები კომისიის წევრებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მსგავსი პრეტენზია ჰქონდა ხაშურელ ახალგაზრდასაც, როცა სამოქალაქო განათლების პედაგოგობის სურვილით, გასაუბრებაზე გავიდა, თუმცა გამოუცდელობის მიზეზით დაიწუნეს. მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს რამდენიმე კვირის წინ გორის მე-7 საჯარო სკოლაც.