სექტემბერი წელიწადის ყველაზე ემოციურ თვედ რჩება ამალია ირემაძისთვის – მასწავლებლისთვის, რომელმაც სკოლაში 53 წელი გაატარა და შესაბამისად, 53 სექტემბერს შეხვდა სასკოლო ოთახში, მოსწავლეებთან დაბრუნების სიხარულით.
“ყველა ჩემი მოსწავლე, როგორც საკუთარი შვილი, ისე გავითავისე. მე თვითონ ობლობაში გავიზარდე და მინდოდა, რაც მე დამაკლდა, ის დედის სითბო ეგრძნოთ ჩემგან თითოულ მოსწავლეს”, – ამბობს ამალია, რომელიც მეოთხე წელია სექტემბერს სკოლიდან მოშორებით ხვდება.
ამალია ახლა 78 წლისაა, სკოლიდან წამოსვლის მიზეზი სწორედ ასაკი იყო, მაგრამ როგორც ამბობს, ახლაც ბედნიერია იმით, რომ თავისი ცხოვრება მისთვის ყველაზე საყვარელ საქმეს მიუძღვნა.
“ბავშობიდანვე ცოდნის სიყვარული მქონდა, წიგნები მიყვარდა ძალიან. ჩემი უფროსი და როდესაც სწავლობდა გაკვეთილებს, მასთან ერთად მეც ვიჯექი და მის გაკვეთილებს ვიმეორებდი. დიდები ყოველთვის მეუბნეოდნენ, ისეთი საუბარი იცი, შენ აუცილებლად მასწავლებელი გამოხვალო”, – იხსენებს ამალია და გვეუბნება, რომ მეშვიდე კლასში უკვე ზუსტად იცოდა, რომ მისი მომავალი პროფესია ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლობა იყო.
ამალიამ სკოლაში მუშაობა 21 წლის ასაკში დაიწყო. 53 წლის განმავლობაში, საკუთარი ცოდნა აბანოს, აგარის და ბერძენაულის სკოლების ასობით მოსწავლეს გაუზიარა, თუმცა ამ დროის განმავლობაში დაგროვებული უამრავი მოგონებიდან, ყველაზე ემოციურად მაინც სკოლაში მუშაობის დაწყების პირველი დღე ახსოვს.
“ჩემი პირველი გაკვეთილი აბანოს 8-წლიან სკოლაში ჩავატარე. ისე მეშინოდა ხელ-ფეხი მიკანკალებდა. მთელი ღამე არ მეძინა, სულ იმაზე ვფიქრობდი, პირველ გაკვეთილს როგორ ჩავატარებდი. თუმცა ნერვიულობამ მალევე გაიარა და მას მერე, ყოველთვის ერთი სული მქონდა სკოლაში როდის მივიდოდი”.
ამალია ფიქრობს, რომ მოსწავლის პროფესიას სასიამოვნო საქმედ ბავშვების სიყვარული აქცევს. უსიყვარულოდ ამ პროფესიაშია ვერ გაჩერდებიო, გვეუბნება და მოსწავლეებთან საკუთარ ურთიერთობას იხსენებს.
“მე სულ ვცდილობდი მათი სიყვარული დამემსახურებინა. მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ გიყვარს. ბავშვს თუ ზევიდან უყურე, სულ ებუზღუნე, ის მოსწავლე არ შეგიყვარებს, როგორი კარგი მასწავლებლიც არ უნდა იყო. მე მინდოდა, რომ ჩემს მოსწავლეებს ვყვარებოდი”.
ამბობს, რომ ის სითბო და სიყვარული, რომელსაც საკუთარი მოსწავლეებისგან გრძნობდა, ერთ-ერთია, რაც სასკოლო ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ენატრება.
“სკოლაში რომ შევიდოდი, შემომესეოდნენ ჩემი მოსწავლეები, ეს პატარა გოგო-ბიჭები, მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ. მეც იგივეთი ვპასუხობდი. ძალიან დიდი სიყვარული და სითბო გვქონდა ერთმანეთთან. უფროსი კლასელები კი სკოლის კიბეზე ჩამწკრივებულები მხვდებოდნენ, მესალმებოდნენ, ეს ყველაფერი ძალიან მენატრება.”
მონატრებას ყოფილი მოსწავლეების გამოჩენა უმსუბუქებს ხოლმე. სჯერა, რომ ყველა მოსწავლეს დღემდე ახსოვს და უყვარს.
“ყველა ჩემ მოსწავლეს დღესაც ვახსოვარ და მე ეს ძალიან მახარებს. წელს სკოლის ბანკეტი გადაიხადეს ჩემმა მოსწავლეებმა და იქ მიმიწვიეს, იმდენად გამიხარდა და მესიამოვნა, სიხარულს ვერ ვმალავდი. ეს იყო შეხვედრა 49 წლის შემდეგ. ჩვენი უბერებელი ამალია მასწავლებელიო, ასე დამძახოდნენ მეც ხუმრობით ვეუბნეოდი, დიახ, მე მხოლოდ 18 წლის ვარ მეთქი”.
განვლილ წლებზე საუბრის ბოლოს, ამალია ამბობს, რომ მასწავლებლობა ყველაზე კეთილშობილური პროფესიაა. ფიქრობს, რომ შრომატევადი ყოველდღიურობის მიუხედავად, ამ საქმეს ახლავს ყველა ის ემოცია, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის ჭირდება:
“მასწავლებელს შეუძლია შეიყვაროს, ასწავლოს, იზრუნოს, გაზარდოს უამრავი ბავშვი და მერე მთელი ცხოვრება იხაროს მათი წარმატებებით.”