ავტორი: მარინა ტერტეროვი, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი
მასწავლებლობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, მუდმივად განვითარებადი და პროგრესსზე ორიენტირებული. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვმუშაობ და რა თქმა უნდა, ბევრ გამოწვევებსაც შევხვედრივარ. მუდმივად ვცდილობ სიახლეები მივიღო, მოსწავლეებთან განვახორციელო და სწავლა-სწავლების პროცესი მეტად ეფექტიანი გავხადო.
არასდროს არ დამიხევია უკან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, რამაც დიდი გამოცდილება მომცა. გავხდი საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინგლისში. იქ უშუალოდ გავეცანი ამ ქვეყნების სასკოლო სწავლების სტილს და მეთოდოლოგიას, ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ამიტომ ყოველთვის ვეცნობი მათ პრაქტიკას და მეც სიამოვნებით ვუზიარებ ხოლმე.
როგორ ვასწავლი?
ინგლისურის სწავლება მოიცავს ოთხი ძირითადი უნარის განვითარებას: კითხვა, მოსმენა, წერა, საუბარი. თითოეული უნარის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ვიყენებ ამჯერად ოთხ ეფექტურ აქტივობას გაგაცნობთ.
- კითხვა შეჯიბრის ელემენტებით
ამ აქტივობის ჩასატარებლად საჭიროა წინასწარი მომზადება. მასწავლებელი ამზადებს ტექსტს, რომელიც მის მოსწავლეებს შეესაბამება, მნიშვნელობა არ აქვს კლასს. ტექსტში ამოღებულია სიტყვები და მის ადგილას არის ხაზები – ხაზი იმდენი უნდა იყოს რამდენი ასოც არის სიტყვაში. მოსწავლე სიტყვას უნდა მიხვდეს შინაარსის მიხედვით. ეს აქტივობა შეიძლება ჩატარდეს ჯგუფებში ან წყვილებში, დაინიშნება დრო, მოცემულ დროში ვინც მოასწრებს და ჩასვამს სიტყვებს, ის არის გამარჯვებული.
ეს აქტივობა ხელს უწყობს განვლილი ლექსიკის გამეორებას და წერის უნარის განვითარებას.
- დაახასიათე საჩუქარი
მასწავლებელი კლასს ყოფს “ა” და “ბ” წყვილებად. ვთქვათ, “ა” არის დაბადების დღის პერსონა და “ბ” არის ის, ვისაც საჩუქარი აქვს. “ბ” ახასიათებს საჩუქარს სამი წინადადებით. თუ პარტნიორი ვერ მიხვდა, შეუძლია დაახლოებით 6-10 შეკითხვა მისცეს. თუ გამოიცნო, მაშინ გამარჯვებულია. აქ შეიძლება რამე სიურპრიზების მოწყობაც, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე.
ეს აქტივობა ძალიან ეხმარება კითხვის დასმის ტექნიკის განსავითარებაში, აგრეთვე ზედსართავი სახელების გამეორებაში. ეს აქტივობა ავითარებს სმენის, საუბრის და წერის უნარებს.
- კარნახი სირბილით
მასწავლებელი არჩევს ტექსტს ან წერს თვითონ (იმის მიხედვით, თუ რის გამეორებას აპირებს). ტექსტს რამდენიმე ადგილზე აკრავს კლასში. კლასი დაყოფილია ჯგუფებად, ჯგუფი ირჩევს მწერალს. მასწავლებლის ნიშანზე ჯგუფიდან თითო მიდის, კითხულობს ერთ წინადადებას ტექსტში (წინადადებები დანომრილია), მოდის ეუბნება მწერალს და ის წერს. საბოლოოდ, ვისი დაწერილიც იქნება ტექსტთან ახლოს, ის ჯგუფი იმარჯვებს.
ეს აქტივობა მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
- სიტყვების ბანკი
ჩემი გამოცდილებიდან ძალიან კარგ შედეგს იძლევა სიტყვების ბანკი. ყოველი ახალი გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეებს (რამდენიმეს) ვავალებ დაწერონ სიტყვები პატარა ფურცლებზე, ერთ გვერდზე ქართულად და მეორეზე ინგლისურად. რა თქმა უნდა, სიტყვები ნაწილდება კლასში, შემდეგ ამ სიტყვებს ვაგროვებთ ყუთში. ერთი მთლიანი თემის გავლის შემდეგ ვიმეორებთ სიტყვებს.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ჯგუფებში ინიშნება ქულების აღმრიცხავი. სიტყვები, ყოველგვარი დათვლის გარეშე, ვის რამდენიც შეხვდება, იდება მერხზე ფაილად. ზოგი სიტყვა მოხვდება ინგლისურად, ზოგი ქართულად. ვის რაც შეხვდება, ისე პასუხობს და ეწერებათ ქულები. შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული თითო ჯგუფში. შეიძლება ამ სიტყვების გამოყენებით შექმნან საკუთარი მოთხრობები, წავიკითხავთ ამ მოთხრობებს, კლასი აირჩევს საუკეთესოს და გამოვაკრავთ კედელზე.
ასეთი აქტივობა კარგია გრამატიკის და ლექსიკის გასამეორებლად.