ნაზიბროლას დილა 7 საათზე იწყება. ჯერ შინაურ ცხოველებს და ფრინველებს აპურებს, შემდეგ კი უკვე ოჯახზე ზრუნვას იწყებს – ამზადებს საუზმეს, ალაგებს სახლს, შემდეგ უკვე სადილის დრო მოდის და როგორც თავად ამბობს, აი, ამ შრომაში შეუმჩნევლად გადიან დღეები.
“ადრიანად ვდგები სულ, ჯერ შინაურ ფრინველებს უნდა მივხედო და შემდეგ დავიწყო საუზმის მომზადება. ასაკი კი მომემატა, მაგრამ შრომა არასოდეს მეზარებოდა და ახლა მეზარება”, – გვითხრა ნაზიბროლამ, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდა.
ნაზიბროლა სოფელ ბებნისში ცხოვრობს. სახლში, რომელიც მეუღლესთან ერთად ააშენა, ახლა მისი შვილები და შვილიშვილები იზრდებიან. ამბობს, რომ მთავარი სიხარული სწორედ ისაა, როცა შენი შრომით ოჯახის წევრებს ცხოვრების მოწყობაში ეხმარები.
“მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი საკუთარი ხელებით შევქმენით. რომ გავჩერდე და არაფერი ვაკეთო, ეს უფრო ცუდად გამხდის. უნდა ვაკეთო ვიმუშაო და დავეხმარო საკუთარ თავსაც და ოჯახსაც. ხან მგონია, რომ ძალა და ენერგია შრომაში მეძლევა”.
ნაზიბროლას ქალაქში არასოდეს უცხოვრია. ფიქრობს, რომ ამას ვერც შეძლებდა. სოფელს თუ შეიყვარებ, მერე იმასაც ისწავლი, იქ თავი როგორ უნდა გაიტანოო, გვითხრა საუბარში. ფაქტია, რომ ასაკის მატების მიუხედავად, შრომის სიყვარული არ უნელდება – ის ბაღებს დღემდე უვლის.
“ახლაც ვაშლის საკრეფად ვიყავი ჩემს შვილიშვილთან. მინდა ჩემი თავი ჩემს შთამომავლებს მოვახმარო, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, როგორც შემიძლია ისე ვეხმარები. ნერგების გამოყვანა, ჩითილის დარგვა, მოვლა მოკრეფა, ყველაფერში ჩართული ვარ. ზამთრისთვის ვამზადებ ჩირებს, ტყლაპს და თან პატარა შვილთაშვილებსაც ვასწავლი”.
ნაზიბროლამ ბებნისში ცხოვრება 65 წლის წინ დაიწყო, როცა იქორწინა. მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე საუბარი უყვარს, რადგან ამბობს, რომ მათი მთავარი ძალა ყოველთვის სიყვარული იყო.
“ჩემს ცხოვრებაში არც თმა შემიღებავს, არც მანიკური წამისვამს არც პომადა ან კრემი, მაგრამ ჩემს ქმარს ყოველთვის მოვწონდი და ვუყვარდი. მეც იგივენაირად და ამ სიყვარულით მოვდიოდით მთელი ცხოვრება. რამდენიმე წლის წინ დაიღუპა, მაგრამ ყველაფერი დამიტოვა, რაც ბედნიერებისთვის მჭირდება – ერთად აშენებული სახლი, ერთად დაწყებული სოფლის მეურნეობა, შვილები, შვილიშვილები… ”