ბლოგები

კლასის დამრიგებლის როლი სკოლაში

ავტორი: თამარ წიწიკაშვილი სსიპ ნიკო კეცხოველის სახელობის. გორის პირველი საჯარო სკოლის მეორე უცხო ენის მასწავლებელი, მე-12 კლასის დამრიგებელი

საჯარო სკოლაში მუშაობა დავიწყე 2019 წელს. საგნის სწავლების გარდა, წილად მხვდა ერთ-ერთი კლასის დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. სიმართლე გითხრათ, სასკოლო ცხოვრება, სადამრიგებლო კლასის გარეშე არ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ დამრიგებლის ფუნქცია საკმაოდ რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს.

როგორც იცით, მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად აღზრდაში და მასში XXI საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასის დამრიგებელს, რომლის საქმიანობა თანამშრომლობაზე, მოსწავლეებისა და საკუთარი საქმისადმი უანგარო სიყვარულზე არის აგებული. ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დამრიგებელი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისათვის – მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,ზნეობრივი და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოზარდებს მოსწონთ, როცა რჩევას ეკითხებიან, მათ აზრებს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ. აქტიურობენ და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, როცა არა მარტო მონაწილეობენ ღონისძიებაში, არამედ გარკვეულწილად ორგანიზატორებად მოიაზრებიან.

ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას ჩემი მოსწავლეების აქტიურობას – ჩვენ ერთად ვარჩევთ საკითხს, ერთად ვგეგმავთ და ბოლოს ერთად ვაჯამებთ და ვაფასებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თანამშრომლობით ვაღწევთ მიზანს.

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:

  • აღზრდის მთლიანობა – სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
  • შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია;
  • მოსწავლეთა ჩართულობა – ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას – ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
  • თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

პირველივე სადამრიგებლო საათის მსვლელობისას მე და ჩემი მოსწავლეები შევთანხმდით, რომ თითოეულ აქტივობაში, რომელსაც განვახორციელებდით (მაგალითად ექსკურსია, ლაშქრობა, პრეზენტაცია, ფილმის ყურება, დისკუსია და ასე შემდეგ) აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა თითოეული მოსწავლე, როგორც დაგეგმვის პროცესში, ასევე განხორციელების დროს.

სადამრიგებლო საათს რაც შეეხება, მუდმივად ვცდილობ დავგეგმო ისეთი აქტივობები, როგორიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და ორგანიზებულობის ჩამოყალიბებასა და გაღვივებას. მუდმივად ვცდილობ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მდიდარი და ნაყოფიერი გავხადო ჩემი მუშაობა, გარკვეული წვლილი შევიტანო ჩემი მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, მოვახდინო ჩემი და მათი იდეების გენერაცია და კლასის საათი მუდმივად გამოვიყენო, როგორც დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები