41 წლის იყო, როცა ადგა და ამერიკაში წავიდა. სრულიად უცხო ქვეყანაში ერთი კონკრეტული გეგმით ჩავიდა – გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საკუთარი თავი და საკუთარი შემოქმედება განევითარებინა.
“ამერიკაში არავინ მელოდა, არც ოჯახის წევრი და არ ვინმე, ახლო ნათესავი”, – ამბობს იქაურ პირველ დღეებზე საუბრისას და იქვე ახსენებს ორ ადამიანს, მარის და შორენას, – “ეს ორი ადამიანი იყო ჩემი მასპინძელი ამერიკაში, მათი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება”.
ნათია ხადური თავდაპირვლად შორენას სახლში ცხოვრობდა. სწორედ მისი და მარის დახმარებით მოძებნა ცალკე საცხოვრებელი ბინა და ნელ-ნელა სანაცნობო წრის გაფართოებაც დაიწყო. რადგან მისი ჩანაფიქრი შემოქმედებითი ზრდა იყო, ახალ-ახალი ადამიანების აღმოჩენასაც ამ სფეროში ცდილობდა.
“უამრავი ადამიანი დადგა ჩემს გვერდით და ასეთ მცირე დროში რომ ჩემი შემოქმედების გამომზიურება შევძელი, ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა”.
ნათიამ რამდენიმე თვეში სამი წიგნის გამოცემა, მათი თარგმნა და სზოგადოებისთვის წარდგენა შეძლო. ახსოვს ის დღე, როცა ამერიკულ გამომცემლობაში პირველად დარეკა და საკუთარ წიგნზე უამბო.
“სულ ორი თვის ჩამოსული ვიყავი ამერიკაში, რომ დავუკავშირდი წიგნის გამომცემლობას, რომელმაც წიგნის წაკითხვისთანავე მითხრა წიგნის გამოცემაზე თანხმობა და კონტრაქტი გავაფორმე. ჩემი მეორე რომანი “იერუსალიმამდე” მალევე გამოიცა და გავიდა მსოფლიო წიგნის ბაზარზე. ახლა ითარგმნება ჩემი მესამე რომანი “ჯარისკაცის საგზალი”, რომელიც აუცილებლად უნდა ვთარგმნო არაერთ ენაზე. ერთი წელი და ოთხი თვეა, რაც ამერიკაში ვიმყოფები და მართლა ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი.”
ნათიას ახლა უკვე ამერიკაში ცხოვრების და მუშაობის უფლებაც აქვს. ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს, რადგან ამბობს, რომ ჩანაფიქრი ჯერ ბოლომდე არ განუხორციელებია.
“წარმატებების მიუხედავად, მონატრებას სულ ვგრძნობ, მაგრამ არ მავიწყდება, რისთვის ჩამოვედი აქვს – მინდა, უფრო ფართო მასშტაბებზე განვავითარო ჩემი გეგმა”.
ნათია წარმოშობით სოფელ ქვეშიდანაა. ეს ერთ-ერთი ის სოფელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. მონატრებაზე საუბრისას, სწორედ ამ სოფელს ახსენებს – ადგილს, სადაც ჯერ კითხვა ისწავლა და შემდეგ უკვე წერა შეიყვარა.
“წერა-კითხვა საბავშვო ბაღის ასაკში ვისწავლე და მას შემდეგ წიგნი არ დამიდია ხელიდან. პოეზიას სულ ვწერდი და სხვათა შორის პროზაზე ვფიქრობდი, რომ როცა მოვიცლიდი, აუცილებლად დავწერდი”.
ყოველთვის იცოდა, რომ ერთ დღეს რომანს დაწერდა. უბრალოდ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნად ქცევამდე, ის ჯერ მასში უნდა დაწერილიყო.
“პროზის წერა ურთულესია. მე ვფიქრობ, რომ აი, ამ შემთხვევაში უკვე ასაკთან და გამოცდილებასთან გვაქვს საქმე. ის უნდა დაგროვდეს ადამიანში. მართალია ერთ რომანს ერთ კვირაში ვწერ, მაგრამ ის მაინც მრავალი წლის პროდუქტია, რომელიც მთელი ცხოვრება იწერებოდა ჩემში.”
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.