მეჯვრისხევის, მოხისის, ოსიაურის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ამ ახალი სასწავლო წლისთვის ვერ ესწრება. ამ სოფელში მცხობრები მოსწავლეები განათლების მისაღებად ამ წელსაც მეზობელ სოფლებში ივლიან.
შიდა ქართლში კიდევ რამდენიმე სკოლაა, რომელთა რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, გახსნილი უნდა იყოს მეჯვრისხევის საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. “მოზაიკამ” ამის შესახებ მასალა სამი თვის წინაც მოამზადა. პროექტში რამდენჯერმე განხორციელებული ცვილების მიუხედავად, სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ დაუსრულებელია.
“სექტემბერში ვერანაირად ვერ გაიხსნება, როგორც თქვეს მინიმუმ, ახალ წლამდე გადაიწევს. დამატებით ხარჯები და წვალებაა სხვა სკოლებში ბავშვების ტარებაც”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკოლა, რომელიც ახალ სასწავლო წელს ვერ მოესწრება, გორის #11 საჯარო სკოლაა.
უზუსტობა იყო გაპარული ძველ პროექტში – რატომ გაჭიანურდა გორის N11 სკოლის მშენებლობა
“რაც შეეხება სხვა სკოლებს, ახლა დაუწყო ბერშუეთის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე იწყება გორის მე-12 სკოლის რეაბილიტაცია. არაშენდაში კი ახალი სკოლა აშენდება, თუმცა მოსწავლეები სხვა სკოლაში არ ივლიან, რადგან ახალი შენობა სხვა ადგილას შენდება”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ქარელის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტში ორი სკოლაა, რომელთა რეაბილიტაციაც ახალ სასწავლო წლამდე ვერ მოესწრო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არც ერთი სკოლა არ არის ავარიული, თუმცა ორი სკოლის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. ერთ-ერთია მოხისის საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს უნდა დაწყებულიყო.
მოხისის სკოლის რეაბილიტაცია არ დაწყებულა – მოსწავლეები წელსაც ფცის სკოლაში ივლიან
“სწავლა ყველა სკოლაში დაიწყება, მოხისის სკოლის მოსწავლეები სწავლას ფცის სკოლაში გააგრძელებენ, ხოლო ქვენატყკოცის სკოლის მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან გადავლენ ცერონისის სკოლაში”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ, ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად, მუნიციპალიტეტში 6 სკოლაა, რომლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ამ სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლებში გააგრძელებენ.
“ასეთი სკოლა გვაქვს ამჯერად, ხაშურის მე-2 , მე-4 , ვაყის, ნაბახტევის, ოსიაური, წრომის, სადაც სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების გამო, სწავლა საკუთარ შენობაში არ დაიწყება, მაგრამ ყველა სკოლა ალტერნატიულ ფართში განაგრძობს ფუნქციონირებას, ალტერნატიულ ფართად შერჩეულია სხვა საჯარო სკოლების შენობები”, – განმარტა ზვიად გოგუაძემ.
ხაშურის #4 სკოლის დემონტაჟი გასულ წელს მოხდა, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მშენებლობის მიზნით, ხელშეკრულება კომპანია “ლაგი კაპიტალთან” სსიპ საგანმანათლებლო და სამცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მან სამშენებლო სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაიწყოს და 12 კალენდარული თვეში დაასრულოს.
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დაუსრულებელი სკოლა არ აქვთ. ნათია ილურიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ერთი სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში ეტევა.
“ამჟამად მიმდინარეობს ახალქალაქის სკოლის რეაბილიტაცია და დათქმულ ვადებში მიდის სამუშაოები. ერთი კარგი სიახლეც გვაქვს, გამოცხადდა ტენდერი იგოეთის სკოლის მშენებლობის თაობაზე და არაუგვინეს სამ თვეში სამუშაოები უნდა დაიწყოს”, – გვითხრა ნათია ილურიძემ.
ამავე თემაზე: პროექტები გორის მუნიციპალიტეტში, რომლებიც დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა