სტატიები

უზუსტობა იყო გაპარული ძველ პროექტში – რატომ გაჭიანურდა გორის N11 სკოლის მშენებლობა

გორის მე-11 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟიდან 8 თვეა გასული.  სამუშაოები ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ შპს “ენენ ჯგუფმა” შეასრულა, რომელსაც დემონტაჟის შემდეგ უნდა დაეწყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ამ დრომდე ტერიტორიაზე  მხოლოდ, საძირკველია ამოყვანილი. გარდა ამისა, როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ახალი სასწავლო წლისთვის შენობის მშენებლობა ვერ დასრულდება.

ამავე თემაზე: გორის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები “ბოლო ზარს” წელსაც სხვა სკოლაში აღნიშნავენ

მე-11 სკოლის დემონტაჟისა და შემდგომში მშენებლობისთვის კომპანია საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერით შეარჩია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ხელშეკრულებაში ცვლილება მხოლოდ ერთხელ შევიდა, კონტრაქტორ კომპანიას კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 589 დღე აქვს დარჩენილი. 

რატომ გაჭიანურდა მშენებლობის დაწყება? 

კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა “მოზაიკას” უთხრა, რომ სამუშაოები პროექტში გაპარული უზუსტობის გამო გაჭიანურდა.

“პროექტის ცვლილების გამო, გაჭიანურდა მშენებლობის დაწყება. შეიცვალა პროექტი, დღეს ან ხვალ ხელი მოეწერება და დაიწყება სამუშაოები. უზუსტობა იყო გაპარული ძველ პროექტში. მასე რომ დაგვეწყო, ყველაფერი გაფუჭდებოდა. დაიწყება ძალიან მალე”, – გვითხრა კახა ღიბრძემ, კომპანიის წარმომადგენელმა.

როგორც ირკვევა, ხელშეკრულების ცვლილების დროს ასევე შეიცვალა სამუშაოების შესრულების ვადებიც. თავდაპირველად მიწოდების ვადა 2024 წლის 10 სექტემბერი იყო, ცვლილების მიხედვით კი აღნიშნული ვადა გაიზარდა 75 დღით, ანუ 2024 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. 

ინფორმაციისთვის, სკოლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 980 055 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა არის სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც კომპანიასთან გაფორმდა. ამ დროისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომპანიისთვის “ენენ ჯგუფი” მიცემული აქვს 2 739 114, რაც მთლიანი თანხის 25%-ია. 

პროექტის მიხედვით, ახალი სკოლის შენობა ასეთი უნდა იყოს:

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.