“დაგვილ ქუჩის ნაგავს დავაგდე სულ, რამდენიმე ახალი და გამხმარი ყლორტი, ფოთლებით… ზვინივით ჩანდა ფოტოზე, ქვეშ კი დაგვილი ნაგავია”, – გვეუბნება გორში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც საკუთარი სახლის წინ მდგარი ხის გადაჭრის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა.
მოქალაქე “მოზაიკას” უყვება, რომ აღნიშნული ხე მისი განცხადების საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ გადაბელეს.
“რამდენიმე თვის წინ გადაბელეს, განცხადება მქონდა დაწერილი, მოვიდნენ და გადაბელეს, მაშინვე მითხრეს რომ ამ ხეს არაფერი ეშველება, მოსაჭრელიაო, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ მოვჭრით “დრუჟბითო”. იმ დღეს, როცა აღნიშნული ფოტო გავრცელდა, სახლის წინ ტროტუარი დავგავე, ნაგავი ერთ ადგილას მოვაგროვე და ეს ფოთლებიც ზემოდან დავაყარე, ისე ჩანდა თითქოს ამ ხეს ჰქონდა ამდენი ტოტები და იმ წუთას იყო მოჭრილი, რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია ასეთი ფორმით, მოვიდნენ და დამაჯარიმეს”, – ამბობს მოქალაქე.
ის ამბობს, რომ ჯარიმა, რომელიც დააკისრეს, მის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ შეესაბამება, რადგან მან რეალურად, გამხმარ ხეს, მხოლოდ რამდენიმე ტოტია მოაცალა, რადგან გადაბელვის შემდეგ, გამოიკვეთა, რომ ხე ისედაც ექვემდებარებოდა მოჭრას.
“მოზაიკა” მუნიციპალურ ინსპექციაში შეეცადა გაერკვია, რის საფუძველზე მოახდინეს მოქალაქის დაჯარიმება, შეამოწმეს თუ არა ხის ვარგისიანობა და ჰქონათ თუ არა ინფორმაცია მისი გადაბელვის შესახებ, თუმცა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა არც სატელეფონო ზარს უპასუხა და არც მოკლეტექსტურ შეტყობინებას.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქე ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურებას და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.