ანდრეი დემჩენკომ გორის “დილა” დატოვა. ამიერიდან, ის ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელებს გაწრთვნის. დემჩენკოს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო შუა სეზონში “დილას” დატოვებისა და კონკურენტ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება.
მისი წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა “დილას” კლუბმაც. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ დემჩენკოს რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარი შესთავაზეს, რათა კლუბში დარჩენილიყო, მაგრამ მან უარი თქვა.
“გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი- 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.