“ნაზუქის ცხობა დედასთან ერთად დავიწყე, მან მანსწავლა. მას ვუყურებდი, როგორ აცხობდა და შემდეგ დამოუკიდებლად წამოვიწყე”, – ამბობს სურამში მცხოვრები მაია შუბითიძე, რომელსაც 15 წელია სურამში თონე აქვს მოწყობილი და ნაზუქებს ჰყიდის.
წლებთან ერთად, მაიამ ნაზუქის ცხობის ტექნიკა დახვეწა და მის ნაზუქს ახლა უკვე მუდმივი მომხმარებელი ჰყავს.
“ჩემს ოჯახს ნაზუქის ცხობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, დედაჩემიც ამ საქმეში იყო. აცხობდა და ჰყიდდა, ეს იყო ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო. პატარა ასაკიდან შევითვისე და შემდეგ უკვე მეც გამომადგა. დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყე და დღესაც ამ საქმეს ვაკეთებ. სხვაგან მუშაობა ვერ წარმომიდგენია. მახარებს ერთგული მომხმარებელი, თუ ვერ მპოულობენ, მირეკავენ, რომ ჩემგან წაიღონ”, – გვიყვება მაია.
მაიას დილა 7 საათზე იწყება. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული მაღალ ტემერატურაზე თონესთან მუშაობაა.
“მოვდივარ ვამზადებ გამოსაცხობად ცომს. ვახურებ თონეს, შემდეგ ვანელებ ისე, რომ არ დაიწყვას ნაზუქი და ვიწყებ ცხობას. ვინც არ იცის, იმას ძალიან მარტივი ეჩვენება ჩვენი პროფესია, მაგრამ რთული და შრომატევადია. ვისაც არ გაუკეთებია, ვერ მიხვდება, ისეთი რთულია ცხელ თონესთან მუშაობა”.
მაიას ნაზუქს ბევრი მომხმარებელი ჰყავს და სხვა საქმეზე არ ფიქრობს. ამბობს, რომ კმაყოფილი მომხმარებელი მუშაობის სტიმულს აძლევს.
“მთელი დროს ამას ვუთმობ, სხვა საქმე არ მაქვს, არც მიფიქრია, იმდენად შევეთვისე. ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახი და კმაყოფილი მომხმარებელია. მათ რომ მოსწონთ ჩემი ნახელავი, მე მუშაობის სტიმული მეძლევა”.