ბლოგები

მაშინ ყველა ტროტუარს დავუბრუნოთ ტროტუარის ფუნქცია! – ღია წერილი გორის მერიას

ავტორი: მარტა ბიბილაშვილი

დიდხანს ვიკავებდი თავს ამ საკითხზე ჩემი მოსაზრების გაჟღერებისაგან, თუმცა ვეცნობი სხვადასხვა ინფორმაციას თუ მის ქვემოთ გამართულ დისკუსიას, და არ ვიცი, სად რა ვთქვა –  ნუთუ არჩევანი მოკირწყლულ ქუჩებს, ფასადებსა და შიმშილს შორის უნდა გავაკეთოთ?!

უზომოდ მომწონს გაწიკწიკებული და მოვლილი გარემო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გურამიშვილის ქუჩაზე მყიდველი რომ არ ჰყავდეთ იქ მყოფ გარემოვაჭრეებს, რამდენი დღე ისხდებოდნენ?! იქნებ ჩვენი წვლილიც გავიაზროთ იმ პროცესში, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა  ვაკვირდებით გულგრილად.

როგორ ფიქრობთ,  გარემოვაჭრეებს უკეთესი შემოსავლის წყარო ეგულებოდეთ სადმე და მზის გულზე, ქარსა და წვიმაში ჯდომა ეხალისებათ?!

მე მაგალითად სტალინის გამზირზე მდებარე კაფეების წინ არ მყოფნის ტროტუარი, ორი ადამიანი ძლივს  აუქცევს გვერდს  ერთმანეთს. არავინ თქვას, მანდ ნაკლები ინტენსივობით მოძრაობს ტრანსპორტი ან ცოტა ადამიანი დადისო. ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ ადამიანები არიან დასაქმებული, ვიღაცისთვის კი ის სამსახური ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჰოდა, მორჩილად ველოდები ყოველ ჯერზე გამვლელს რომ გზა გათავისუფლდეს.

კიდევ რამდენიმე კონკრეტული მაგალითის დასახელება შეიძლება ჩვენს ქალაქში, სადაც ფეხით მოსიარულეს მანქანის სავალ ნაწილზე გადასვლა უწევს, თუმცა არ მინახავს მათი საქმიანობისათვის ვინმეს ხელი შეეშალოს, პირიქით ტროტუარებს „ფუნქცია“ დაუკარგეს გადაწყვეტილების მიმღებებმა, დაუკანონეს და მშენებლობის უფლებაც მისცეს.

მათთან დასაპირისპირებლად ძალა არ გყოფნით?!

მეტ სიღრმეში არ შევალ უბრალოდ რამდენიმე დოკუმენტზე მიგითითებთ მათ, ვინც გურამიშვილის ქუჩაზე წელიწადში ერთხელ ან გაივლით ან არა და აკრიტიკებთ გურამიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე მსხდომ გარემოვაჭრეებს, წამლის და პურის ფულისთვის რომ იბრძვიან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით:

  • სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

  • მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსდაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილების მიხედვით:

  • მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
  • სამსახურის სოციალურიუზრუნველყოფის განყოფილებისფუნქციები სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

კანონმდებლობის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ქონა აღნიშნული ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და სოციალური სამსახურის დებულება გავალდებულებთ ქმნიდეთ დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებს, გააცანით საზოგადოებას თქვენს მიერ შემუშავებული დასაქმების მუნიციპალური პროგრამები და დაეხმარეთ გარემოვაჭრეებს დასაქმდნენ აღნიშნულ პროგრამაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ იტყვის უარს შემოსავლის სხვა, უფრო კომფორტულ წყაროზე! და თუ ასეთი არ გაქვთ,  აწარმოეთ მოლაპარაკება ამ ადამიანებთან ისე, რომ ორივე მხარისათვის ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერდეთ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები