ბლოგები

14 წლისამ გავხსენი სტუდია, რადგან “ადრე” ან “გვიან” არასოდესაა საყვარელი საქმის დაწყება

ავტორი: ქეთო თაყაძე, მოცეკვავე 

ახლა 22 წლის ვარ და ყველაზე მეტად, რაც მიხარია ისაა, რომ საკუთარ სურვილების და მისაწრებების აღმოცენა შემიძლია – ვიცი, რისი კეთება მომწონს, რა მიტაცებს და რა შესაძლებლობები მაქვს. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რადგან ის მომავლის დაგეგმვას ამარტივებს.

მხოლოდ 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქორეოგრაფიული სტუდია გავხსენი – ასე გადავწყვიტე, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ცეკვა მაბედნიერებდა და მინდოდა, ეს ემოცია სხვა ახალგაზრდებისთვისაც გამეზიარებინა. უკვე 8 წელია, hip-hop-ს ვასწავლი და მოსწავლეეებთან ურთიერთობისას მუდმივად ვგრძნობ, რომ თავად ეს პროცესია მოტივაციის და ენერგიის წყარო ჩემთვის. 

ახალგაზრდებთან ურთიერთობამ მოიტანა ახალი შესაძლებლობებიც –  უკვე რამდენიმე წელია, ვდგამ ცეკვებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მაგალითად, ვაკეთებ სკოლის გამოსაშვები საღამოებისთვის დადგმებს, რომლებიც ძალიან ორიგინალური, შთამბეჭდავი და თანამედროვეა.

საკუთარი ცოდნის და შემოქმედებითი უნარების გაზიარების სურვილმა საკუთარი ძალები ბევრ სხვა სფეროშიც მომასინჯინა – მაგალითად, ახლა ტონთიოს საზაფხულო ბანაკში ვმუშაობ ლიდერად. ჩემი მისია ბანაკში მოსული ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღეების შექმნაა, რასაც თუ მათი შეფასებებით ვიმსჯელებთ, თავს ვართმევ. 

ისე კი, ლიდერობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რომელსაც შემართებით შევხვდი.  ახალგაზრდებთან ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის დავიწყებაც ამ საქმეში არ შეიძლება. ალბათ, განვითარებისთვის მთავარი ეგეცაა – არ შეუშინდე სიახლეებს და ახალ პასუხისმგებლობებს. 

ზოგადად კი, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს.პირადად მე, ეს იმდენად დავიჯერე, რომ მუდმივად ამ ახალ შესაძლებლობებს ვეძებ და ვცდილობ, საკუთარ თავშიც ახალ-ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინო –   ახლახანს გავაცნობიერე, თუ როგორ მსიამოვნებს ლაშქრობა, ტყეში სიარული, ახალი ადგილების აღმოჩენა და მათ შესახებ ინფორმაციების შეგროვება. ამიტომაც, დროის დაკარგვას არ ვაპირებ და ტურიზმის შესწავლა მაქვს უახლოეს გეგმაში. 

ყველაფერმა, რაც აქამდე გამიკეთებია, ყველაზე მთავარი მასწავლა – საქმე უნდა დაიწყო სიყვარულით და არა – მატერიალური სარგებლის ინტერესით. ეს უკანასკნელი თავისთავად მოდის, როცა იმას აკეთებ, რაც გამოგდის და გიყვარს. 

დატოვეთ კომენტარი