სტატიები

“საღოლაშენში რაც დაიწყეს, ბოლომდე არაფერი მიიყვანეს” – უკმაყოფილება და მერიის პასუხი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის მოსახლეობა დაუსრულებელი პროექტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

სოფელში ჩივიან, რომ ამ დრომდე არც წყლის და არც გზის პრობლემა არ მოგვარდა. 

“წყალი უნდა გაკეთებულიყო, შარშან გაიყვანეს და წვეთი წყალი არ მოსულა”, – ამბობენ სოფელში. 

ერთ-ერთი ადგილობრივის, მარიკა ჩინჩალაძის ცნობით, სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. მისივე თქმით, მოუვლელობის გამო, ახლადმოწყობილმა სტადიონმაც ფუნქცია დაკარგა. 

“სტადიონი გაკეთდა ვითომ და საქონელს აძოვებენ, იმხელა ბალახია. გზა არ არის, წვიმაინ დღეებში გარეთ ვერ გახვალ, ისეთი ტალახია, ზაფხულია და გარეთ ვერ დაჯდები, ისეთი ბურიაყია”.

მოსახლეობის უკმაყოფილების პასუხად, ქარელის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წყლის პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება. მისივე ცნობით, წყლის პროექტი კომპანიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა. 

“გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამუშაოების დასასრულებლად, გზის პროექტი მზად აქვს მუნიციპალიტეტს, თუმცა წყლის პროექტის დასრულებამდე გზის ასფალტირება ვერ განხორციელდება”. 

ნათია მაწონაძის ცნობითვე, სტადიონი ადგილობრივების სურვილით შემოიღობა. 

“რაც შეეხება სტადიონს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება გაკეთდა ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მოწყობაზე, თუმცა მოსახლეობამ მოითხოვა განხორციელებულიყო არსებული სტადიონის შემოღობვის სამუშაოები”. 

ინფორმაციისთვის, იმ პროექტებზე, რომლებითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა, ათასობით ლარი დაიხარჯა. მაგალითად, წყლის პროექტის ჯამური ღირსებულება 617 856 ლარი იყო და ამ თანხის ნაწილი უკვე გახარჯულია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი