გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანამ ქალაქს არ ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, მანამდე ისინი საკრებულოში საპრივატიზაციოდ გამოტანილ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ქონების გასხვისებას და მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარს არ დაუჭერენ.
“ჩვენი ფრაქცია, იმის გამო, რომ არ არის დამტკიცებული ქალაქგანაშენიანების გენერალური გეგმა, საკრებულოში დასამტკიცებლად გამოტანილ ქონებრივ საკითხებს მხარს არ ვუჭერთ”, – ამბობს ფრაქციის “გორი -საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ფანიაშვილი.
მამუკა ფანიაშვილს მიაჩნია, რომ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, გაუგებარია რა მიზნით და რა პრინციპებით სხვისდება ქონებები. ფანიაშვილი გასხვისებულ ტერიტორიებზე დაწყებულ მშენებლობებსაც არ ენდომება და ეჭვობს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ამ ეტაპზე ხდება.
“არ ვიცით, რეალურად რაც ახლა ხდება, რამდენად შესაბამისობაში იქნება გენერალურ გეგმასთან, როცა ის გვექნება. შესაბამისად, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არც ქონების გასხვისებას და არც მშენებლობებს. იმასაც ვიაზრებთ, რომ შესაძლოა ბევრი ისეთი ქონება გამოდის გასაყიდად, რომელიც მუნიციპალიტეტს არაფერში სჭირდება და რომ გაიყიდოს, უკეთესია. ეს ბიზნესსაც ხელს შეუწყობს და მუნიციპალიტეტსაც სარგებელს მოუტანს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, მსგავს საკითხებს მხარს მაინც არ ვუჭერთ”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.
ამავე მიდგომას იზიარებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
“ხელისუფლება განგებ აჭიანურებს აღნიშნული გეგმის დამტკიცებას, რადგან გენ.გეგმის დამტკიცების შემდეგ, “ქართულ ჯიგრულ პონტში” ვეღარ გაასხვისებენ მიწის ნაკვეთებს”, – ამბობს ბექა ქორჩილავა, ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე.
ბექა ქორჩილავა ფიქრობს, რომ გენ.გეგმის გარეშე გორში ქაოტური მშენებლობები გაგრძელდება და სამომავლოდ ქალაქის იერსახესა და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.
“თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში გორი გახდება კორპუსების ქალაქი. მასიურად ხდება მიწის ნაკვეთების გასხვისება. ქაოტურადაა გაცემული ნებართვები და გასხვისებული მიწები. ჩვენ ასევე გავაჟღერეთ ინიციატივა, რომ სანამ გენერალურ გეგმას დაამკიცებდნენ, შეჩერებულიყო მიწის გასხვისება, რაზეც მივიღეთ უარი და გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ქალაქის განვითარებისთვის შემაფერხებელი. ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვითხოვთ, რომ მუნიციპალიტეტმა შეიმუშავოს და დაამტკიცოს ქალაქის განაშენიანების გეგმა, რაზეც ამდენი წლის განმავლობაში ერთი და იგივე პასუხს ვისმენთ, რომ მუშაობენ. კოლოსარული თანხები გაიხარჯა ამ მიმართულებით”, – ამბობს ქორჩილავა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობების ნებართვების გაცემა უნდა შეაჩეროს.