ქარელელი სტუდენტი თემურ კოპაძე სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომლის სტატიები საქართველოს, თურქეთის და უნგრეთის სამეცნიერო კვლევით გამოცემებში დაიბეჭდა. თემური ნეიროქირურგიის მიმართულებითაა დაინტერესებული და ასევე უნივერსიტეტში სამეცნიერო უნარ-ჩვევების სტუდენტურ სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციის, სამეცნიერო კვლევით კომიტეტის წევრია, სადაც უკვე ნაშრომებს წერს.
თემურმა უნივერსიტეტში სამი წლის წინ ჩააბარა. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, მედიცინა იყო ის სფერო, რომელიც ყოველთვის აინტერესებდა. ამბობს, რომ ამისთვის ბევრს შრომობდა, ახლა კი, ეამაყება რომ შრომა დაუფასდა.
“პატარა ასაკში, როდესაც ჩემი ახლობლები მიდიოდნენ ხან ერთ ექიმთან, ხან მეორესთან და წესიერად ვერ იგებდნენ ვერც დიაგნოზს, ვერც დანიშნულებას, მიჩნდებოდა პროტესტი და უსამართლობის განცდა. მიფიქრია, მე რომ ახლა ექიმი ვიყო, ხომ უკეთესად დავსვამდი დიაგნოზს, უკეთესად ვუმკურნალებდი. ამ ყველაფერმა ჩემს ცნობიერში დაილექა და პატარა ასაკში გამიჩნდა მედიცინის მიმართ ინტერესი. მე რომ ვაბარებდი, იმ წელს ჩემი მუნიციპალიტეტიდან ერთადერთი აბიტურიენტი ვიყავი, ვინც სრული დაფინანსება მივიღე”, – გვიყვება თემური.
თემური სახელმწიფო გრანტთან ერთად პრეზიდენტის სტიპენდიანტია. ამბობს, რომ სკოლაში მიღებულმა განათლებამ ამ წარმატების მიღწევა გაუმარტივა.
“კარგი მოსწავლე ვიყავი, სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორებთან, თუმცა ამ შედეგს ვერ დავდებდი მხოლოდ ამ ერთი წლით. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სკოლის ცოდნა, რომელსაც კერძო მასწავლებლებთან მომზადება დავახმარე და უფრო შეივსო. ყოველთვის მიყვარდა კითხვა, ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას, ამან განაპირობა ის, რომ მისაღები გამოცდები არ გამიჭირდა”.
თემური ახალგაზრდებს ურჩევს, რომ სკოლაში ყოფნის წლები გამოიყენონ ცოდნის დასაგროვებლად, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
“ახალგაზრდებმა პირველ რიგში უნდა ისწავლო არა ნიშნისათვის, არამედ საკუთარი თავისთვის, რაც სწავლის პროცესს გაუადვილებთ. შეიძლება იმ წუთას არ დაუფასდეთ შრომა, ან თვითონ ჩათვალონ ასე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაზე მნიშვნლოვანი შენაძენი იქნება და აუცილებლად მიხვდებიან. არ უნდა დაკმაყოფილდნენ იმ მწირი ინფორმაციით, რომელიც სასწავლო პროგრამაშია. ყოველთვის უნდა ეცადოს მოსწავლე მოიძიოს ინფორმაცია, განავრცოს და შეავსოს სხვადასხვა ლიტერატურიდან”.
თემური კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ის სამშობლოს აუცილებლად დაურუნდება.