პროფესიით მუსიკოსი და ქორეოგრაფი მარიეტა ქურდაძე დაბა სურამში ახალგაზრდებს ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას ასწავლის. მუსიკა ძალიან უყვარს და ფიქრობს, რომ მოწოდებით პედაგოგია.
“მასწავლებელი უნდა იყოს ხელოვანი და შემოქმედი, ცოტა მსახიობური ნიჭითაც უნდა იყოს დაჯილდოებული. მასწავლებელი, რომელსაც ბავშვი არ უყვარს, ვერანაირ კომუნიკაციას ვერ დაამყარებს მოსწავლესთან”.
მარიეტა ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა მუსიკით. ეს აბავი არც მშობლებს გამოჰპარვიათ და ხაშურის სამუსიკო სკოლაში მიიყვანეს სასწავლებლად.
“4 წლის ასაკში უკვე მქონდა სმენა და პატარ-პატარა მელოდიებს ვაწყობდი ინსტრუმენტზე. ჩემმა მშობლებმა შენიშნეს მუსიკისადმი მიდრეკილება და მიმიყვანეს ხაშურის სამუსიკო სკოლაში, შემდეგ ჩავირიცხე გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო სასწავლებელში. ამჟამად ვარ სურამის მე-4 სკოლის მუსიკის პედაგოგი, ასევე კულტურის სახლში გვაქვს პატარა სტუდია გახსნილი, სადაც სხვადასხვა ჟანრში მიწევს მუშაობა, როგორიცაა საგალობელი, საესტრადო და ხალხური სიმღერა”.
მარიეტა 5 მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს და საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ანსამბლის ბავშვებს უზიარებს.
“ვუკრავ ფორტეპიანოზე, ფანდურზე, დოლზე, აკარდიონზე და გიტარაზე. რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბე ანსამბლი “პირველი მერცხალი”, სადაც მყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები. მათ სიმღერასთან და დაკვრასთან ერთად თითოეული საკრავის ისტორიასაც ვასწავლი, რათა იცოდნენ საიდან მოდის და რა ისტორია აქვს. ვფიქრობ წინ საინტერესო და სიახლეებით დატვირთული პერიოდი გველის”.