ახალი ამბები

“ვერ ჩავბარდები, ვერც თქვენ დაგტოვებთო, უთქვამს” – შინდისის გმირის ალექსანდრე ონიანის და 

შინდისის 17 გმირის უთანასწორო ბრძოლაში დაღუპვიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსების ბატალიონთან შეტაკების დროს ქართველი ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ. მიუხედავად მტრის რიცხოვნული უპირატესობისა, ბრძოლა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

“ძალიან რთულია ყოველ წელს აქ მოსვლა ჩემთვის, ძალიან მტკივნეული… ალეკოს მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი ღვაწლი და გმირობა დაფასდა. 15 წლის წინ აქ ომობდნენ ბიჭები, 17 ბიჭი ეომებოდა რუსების ბატალიონს. ალეკოს რომ ვესაუბრე ბოლოს, აქ იყო, ლიანდაგებთან და მითხრა კარგადა ვარო, ამ დროს დაბომბვის ხმა გავიგე. ალეკომ დაიძახა: “ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართ!”, ამის შემდეგ მასთან კონტაქტიც გაწყა. შემდეგ გავიგე ეს ისტორია, რაც ამ ადგილას მოხდა”, – ამბობს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ალექსანდრე ონიანის და. 

მისი თქმით, ალექსანდრე ონიანი ბრძოლის დროს უვნებელი გადარჩა, თუმცა თანამებრძოლების მიტოვება არ ისურვა და არც მტერს ჩაბარდა. 

“ალეკოს ეხვეწებოდნენ ბიჭები, რომ წადი, თავს უშველე და ჩვენი ამბავი მიუტანე ოჯახის წევრებს. მე ვერ ჩავბარდები, ვერც თქვენ დაგტოვებთო, უთქვამს. ბოლოსთვის შემოუნახია ერთი ხელყუმბარა. როდესაც რუსმა მოწინააღმდეგემ დამხმარე რაზმი გამოიძახა, რადგან ვერ ახერხებდნენ მათ დაჩოქებას. როცა ალეკოს მიუხლოვდნენ, დაუძახეს რომ ჩაგვბარდი და ხელს არ გახლებთო, ალეკომ უპასუხა: “არც მე ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთ!”. დაელოდა მტრის მოახლოებას, ჩაიხუტა თავის ნათლული და თავი აიფეთქა”, – იხსენებს ელენე ონიანი. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.  რუსეთის აგრესიის  შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

დატოვეთ კომენტარი