ახალი ამბები

“რა დონეა,რა სიტყვები” – ქარელში საავადმყოფოს მედპერსონალით უკმაყოფილოები არიან  

ქარელის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალის მომსახურებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა უკმაყოფილოა.  მოქალაქეებმა პრეტენზიები მათ მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატეს.  

მათი თქმით, კლინიკის თანამშრომლების მხრიდან ხშირია უხეშობისა და გულგრილობის ფაქტები.

“საავადმყოფოს მედპერსონალს მიხედვა უნდა. ისე უხეშობენ გამოქცევა მოგინდება. დაგვიანებით მოსვლაზე აღარაფერს ვამბობ. ჩაეწერები, გადაიხდი 80 ლარს და ექიმი მოდის დაგვიანებით, მოკითხვა, ყავა, შემდეგ შედიხარ ნერვებ დაწყვეტილი. არ გაძლევენ ამომწურავ პასუხს, ეჩქარებათ.  გამოდიხარ გაბრუებული და ათასი კითხვა გაქვს კიდევ”, – წერს ლელა ჩაგელიშვილი.

“ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს მეც. კიბიდან ჩამოვვარდი და მიმიყვანა სასწრაფომ. ოთხი ნეკნი მქონია გატეხილი და სავარაუდოდ ორი გაქვსო. ვარაუდებით რომ მსჯელობენ, ჯერ ეგ ხომ კატასტროფაა.  დასაწოლი რენტგენი არ გვაქვს, ფეხზე უნდა დადგეო, მეჩხუბებოდა ექიმი. შინაგანი ორგანოები არ შეუმოწმებიათ, იქნებ რაიმე გამისკდა და ფარული სისხლდენა მქონდა. მანდ რაიმე სერიოზული დაზიანებით თუ მიხვედი უეჭველი მოგკლავენ”, – ამბობს თამარ კაჭლიშვილი.

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ პრეტენზია კლინიკის ადმინისტრაციასთანაც დააფიქსირეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

“თავადაც მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ძალიან არ მიყვარს, ხოლმე უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ რა სურათიც ლაბორატორიაში დამხვდა, იმდენად მიუღებელი და ამაზრზენი იყო ჩემთვის, ყველა არხში დავრეკე პრეტენზიის დასაფიქსირებლად. “ევექსის” ქსელმა იმდენი ბოდიში მიხადა, ალბათ 5 – ჯერ მაინც დამირეკეს ჩემი ზარის შემდეგ, მაგრამ რეაგირება არ მოყოლია სამწუხაროდ”, – წერს ლიკა ასპანაძე.

“მოვედი რეგისტრატურაში და იჯდა ვიღაც თამარი. მინდოდა ექოსკოპია გამეკეთებინა. ორშაბათი – სამშაბათიაო მალხაზი ექიმიო,  მითხრა. ვუთხარი, მიმართვა მინდოდა ორშაბათზე, რომ გავაკეთო- მეთქი. რა მითხრა იცით? სავარაუდოდ, არ მოვა, რა ხელფასსაც უხდიან, ისე სხივდებაო. გავშეშდი, რა მეთქი? იგივე კიდე გამიმეორა. რა დონეა, რა სიტყვები, რა მოქცევა, არ ვიცი”, – ამბობს ლალი ნამგალაძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი