ადამიანები ისტორიები

“ისეთი განცდა მაქვს, რომ სამშობლო წამართვეს” – 91 წლის ელენე ოკუპირებული ვანათიდან

ელენე 69 წელია, რაც დიცში ცხოვრობს. წელს 91 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღნიშვნა საკუთარ ნათესავებთან ერთად სურდა, თუმცა უკვე 15 წელია, ამას ვეღარ ახერხებს. დედმამიშვილებისგან ელენას საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთუხლართები აშორებს. 

ისე მენატრებიან. ისე მინდა მათი დანახვა, მათთან ჩახუტება … უკვე 91 წლის ვარ, აღარც ვიცი, ჩემს მშობლიურ სოფელში ჩასვლას თუღა მოვესწრები”, – ამბობს ელენე და სავარძელში ჯდება. 

კალთაში ძაფის გორგალს და საქსოვ ჩხირებს იდებს. დუმილსაც თავადვე არღვევს:

“რთულია სიბერე, როცა ჯანი და ღონე აღარ მოგდევს, ვეღარც ბაღებში ვმუშაობ და ვეღარ სახლში. ქსოვა მიყვარს და მაგას კი ვახერხებ. აქვე, ჩამოვჯდები ხოლმე წინდების მოსაქსოვად და მერე, ფიქრებს ისევ ჩემს ვანათში, ჩემს ახალგაზრდობაში მივყავარ ხოლმე” 

ელენე სოფელ ვანათში დაიბადა. საკუთარი ახალგაზრდობაც ამ სოფელში გაატარა. ეს -ერთ-ერთი ის სოფელია, რომელზე კონტროლიც ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა.

“ომი რომ დაიწყო, მე უკვე აქეთ, დიცში ვცხოვრობდი. 22 წლისა ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი და აქეთ წამოვედი, მაგრამ მისვლა-მოსვლა სულ გვქონდა … ჭირი იყო თუ ლხინი, ერთად ვიყავით, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ, სულ მთლად შეიცვალა სიტუაციაა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სამშობლო წამართვეს”. 

ელენე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ორსართულიან სახლში ცხოვრობს. იქაურობა საკუთარ მეუღლესთან ერთად მოაწყო და როგორც მითხრა, მიტოვება არც არასდროს უფიქრია. 

“ეს სახლი ჩვენ ავაშენეთ და მიყვარს, აბა, როგორ არ უნდა მიყვარდეს, აქ გავზარდე ჩემი შვილები და შვილიშვილები. ომის დროს, ბომბები რომ ცვიოდა აქეთ-იქით, ხან სად ვიმალებოდით, ხან სად. მერე თბილისში წამიყვანეს, მაგრამ ერთი სული მქონდა, დავბრუნბულიყავი და მენახა, რომ ჩემი სახლი უვნებელი იდგა”. 

ელენე სოფელში საკუთარი ვაჟის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ის დღეები უყვარს, როცა მეორე შვილიც სტუმრობს.  მითხრა, ერთი ის მინდა, რომ სოფლის მიმართ სიყვარული შვილებს და შვილიშვილებს სამუდამოდ შერჩეთო. 

“წინათ შუქებიც არა გვქონდა ხოლმე, წყალიც  არა გვქონდა. ახლა ღამე შუქები ანთია, წყალიც გამოიყვანეს და ძაან მიხარია. მინდა, რაც შეიძლება ბევრი რამე გაკეთდეს, რომ ხალხს აქ დარჩენა მოუნდეს, წასვლაზე აღარ იფიქრონ… მინდა, რომ ამ სოფელში ახალგაზრდების ქორწილებს მოვესწრო, ჩემებისასაც და სხვებისასაც”. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.