გორის მერიის, ააიპ-ების თუ საკრებულოს მაღალჩინოსნები სამსახურის მანქანებით დადიან სახლებში, საყიდლებზე, პირად შეხვედრებზე და დასასვენებლადაც კი. “მოზაიკამ” შეაგროვა ფაქტები, სადაც ჩანს, რომ საჯარო მოხელეები პირადი კომფორტისთვის მოიხმარენ იმ ავტომობილებს, რომელთა შეძენისთვის, საწვავით უზრუნველყოფისთვის თუ მოვლა-პატრონობისთვის, ერთ წელში ბიუჯეტიდან თითქმის 1 000 000 ლარი დაიხარჯა.
რა უჯდება გორის ბიუჯეტს საჯარო მოხელეების ავტომობილებით უზრუნველყოფა? რამდენი ავტომობილი დააგროვა გორის მერიას და რამდენით აჭარბებს უწყება კანონით განსაზღვრულ ლიმიტს? როგორ გამოიყურება მერიის და საკრებულოს ავტოპარკები არასამუშაო საათებში? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს მოიცავს “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება.
სამსახურის ავტომობილები საჯარო მოხელეების პირადი კომფორტითვის
ყველაზე ძვირადღირებული მანქანით გორის მერი სარგებლობს. ავტომობილი, რომლითაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გადაადგილდება, გორის ბიუჯეტს 68 272 ლარი დაუჯდა. Საუბარია კომპანია “კია საქართველოსგან” 2022 წლის დეკემბერში ნაყიდ “Kia Seltos”-ზე.
“კია სელტოს”, ნომრით ws292ww, განპიროვნებულია გორის მუნიციპალიტეტის მერზე”, – გვითხრეს გორის მერიაში.
შეძენიდან ერთ თვეში, აღნიშნული ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 ლარით დაჯარიმდა. Სწორედ აღნიშნული საჯარიმო ქვითარია იმის ერთ-ერთი დასტური, რომ ეფექტური მუშაობისთვის შეძენილ ავტომობილს, გორის მერი პირადი მიზნებისთვისაც მოიხმარს, თან არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2023 წლის 30 იანვარს, აღნიშნული ავტომობილი ე.წ. ჭკვიანმა კამერამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის 32-ე კილომეტრზე, ანუ წეროვანი-ნატახტრის გადასახვევთან დააფიქსირა მაშინ, როცა გორის მერიის არც ერთ თანამშრომელს, მათ შორის არც გორის მერს, ამ მიმართულებით მივლინება არ ჰქონია.
Საჯარიმო ქვითრის გარდა, აღნიშნული ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მომხმარება იმ ფოტოებითაც დასტურდება, რომლებიც “მოზაიკამ” გადაიღო – “კია სელტოსი”, ნომრით ws292ww, არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში მერიის ავტოპარკის ტერიტორიაზე არ დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მერი 68 272-ლარიან ავტომობილს, სამსახურის მიღმა, სურვილისამებრ მოიხმარს.
გორის მერიის ავტოპარკზე, არასამუშაო პერიოდში, ვერც იმ დანარჩენ ავტომობილებს ნახავთ, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელში შეიძინა – გორის მერიამ 2022-2023 წლებში 13 ახალი მანქანა იყიდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 529 928 ლარი დახარჯა. Შედეგად, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მანქანებს 11 ცალი “fiat tipo”-ს მარკის, 1 ცალი “Renault Sandero”-ს მარკის და ერთიც “Kia Seltos”-ის მარკის ავტომობილი დაემატა.
Როგორც “მოზაიკას” მერიაში უთხრეს, ახალი ავტომობილების ნაწილი, საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად, ა(ა)იპ-ებს გადასცეს, ნაწილი კი მერიის სარგებლობაში დარჩა.
“ახალი “ფიატ ტიპო”-ები მერიამ სულ 11 იყიდა. აქედან 5 დაიტოვა თვითონ, 4 მუნიციპალურ ინსპექციას მისცა, 1 სპორტის განვითარების სააგენტოს და 1-იც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს”, – გვაცნობეს მერიიდან.
გადანაწილების შედეგად, ამჟამად, უშუალოდ მერიის ავტოპარკის ბალანსზე 21 მანქანა ირიცხება, თუმცა ამ რაოდენობის ავტომობილებს ავტოპარკის ტერიტორიაზე უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ვერ ნახავთ.
Მაგალითად, 9 ივლისს, პარკინგზე, რომლითაც გორის მერია და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია სარგებლობს, “მოზაიკას” მხოლოდ 11 ავტომობილი დახვდა. არადა, ორივე უწყების ბალანსზე, ჯამში 29 ავტომობილი ირიცხება და ისინი, ლოგიკურად, არასამუშაო დღეს საჯარო მოხელეებს პარკინგზე უნდა გაეჩერებინათ.
ფოტოზე ჩანს, როგორ გამოიყურება მერიის და რწმუნებულის ადმინისტრაციის ავტოპარკინგი არასამუშაო დღეებში.
არასამუშაო დღეებში, სამსახურეობრივ მანქანებს, პარკინზე არც ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ტოვებენ. Მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ძირითადი ნაწილი, ამჟამად, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის წინ და უკან მოწყობილი საპარკინგე სივრცით სარგებლობს, თუმცა ა(ა)იპ-ის დირექტორებისთვის გადაცემული მანქანები, ამ ტერიტორიის ნაცვლად, შაბათ დღეს, “მოზაიკამ” მათ სახლებთან და ქალაქის სხვადასხვა ადგილებში დააფიქსირა.
ფოტოზე ჩანს, როგორ გამოიყურება გორის საკრებულოს და ა(ა)იპ-ების ავტოპარკინგი არასამუშაო დღეებში.
ფოტოებზე ჩანს, რომ დასვენების დღეს, გორის მერიის ახლადშექმნილი ააიპ-ის, მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი ილია რაზმაძე სამსახურის მანქანით – Fiat Tipo ნომრით – FF-737-UU – გადაადგილდება ქალაქის ტერიტორიაზე.
ფოტოზე ჩანს, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორს გიორგი შათირიშვილს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს გაჩერებული სამსახურის მანქანა Fiat Tipo ნომრით – FF-739-UU
“არასამუშაო დროს, ავტომობილები უნდა იყოს გაჩერებული საბიუჯეტო დაწესებულებების პარკინგზე”, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი. Მისი შეფასებით, ავტომობილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა
“ავტომობილები თანამდებობის პირებსა და სხვა საჯარო მოხელეებს გადაეცემათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ავტომობილებით პირადი და საოჯახო საქმეების კეთება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა. ყველა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საჯარო, საზოგადო სიკეთეებისათვის. ავტომობილები უნდა იყოს გაჩერებული საბიუჯეტო დაწესებულებების პარკინგზე და ისინი სამუშაო საათების განმავლობაში უნდა გამოიყენებოდეს თუ არ არის სხვა რაიმე განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობა”, – აღნიშნავს იურისტი.
12 ავტომობილი 8-ის ნაცვლად – გორის მერიის სარგებლობაში არსებული ავტომობილების რაოდენობა ლიმიტს 30%-ით აჭარბებს
“სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი”, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა უნდა განსაზღვროს.
“Მოზაიკას” მიერ შეგროვებული ფაქტების მიხედვით, ამ მითითებას გორის მერია არ ასრულებს.
“გორის მერიის ავტოპარკის ბალანსზე 21 ავტომობილია. აქედან 14 არის სამორიგეო ავტომობილი და მათგან 2 – საკრებულოს, 12 კი მერიის თანამშრომლებს ემსახურება”, – გვითხრეს მერიაში.
Მთავრობის დადგენილებაში გაწერილი პროპორციით, 12 ავტომობილის ქონა 450 თანამშრომლის ყოლის შემთხვევაშია გამართლებული – გორის მერიას კი საშტატო ნუსხის მიხედვით, ჯამში, 275 თანამშრომელი ჰყავს. 275 თანამშრომლის ყოლის შემთხვევაში კი, სამორიგეო მანქანების რიცხვი 8-ს არ უნდა აღემატებოდეს;
საწვავი, შეკეთება და დაზღვევა – რა უჯდება ბიუჯეტს საჯარო მოხელეების ავტომობილებით უზრუნველყოფა?
Საჯარო მოხელეების კომფორტული გადაადგილებისთვის, გორის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ათასობით ლარი იხარჯება. “Მოზაიკამ” 2022-2023 წლის ხარჯები შეისწავლა და მონაცემები დააჯამა.
Მხოლოდ გორის მერიამ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 მაისის პერიოდში, 37 025 ლიტრი საწვავი შეიძინა და ამისთვის ბიუჯეტიდან 124 581 ლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული საწვავის ლიმიტების მიხედვით, გორის მერს ყოველთვიურად 600 ლიტრი ბენზინის მოხმარება შეუძლია. Მერიის ბალანსზე მყოფი სხვა ავტომობილების თვიური ლიმიტი კი 400 – 500 ლიტრი ბენზინის და 300 – 500 ლიტრი დიზელის ფარგლებში მერყეობს.
Საწვავის გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება ავტომობილების დაზღვევის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც.
Საკუთარ ბალანსზე მყოფი ავტომობილების შეკეთებისთვის გორის მერიამ გასულ წელს ბიუჯეტიდან თანხა სამჯერ გამოყო – ჯამში, 2022 წელს, ამ მიმართულებით 90 680 ლარი დაიხარჯა.
ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად, მერიამ წელს 22 704 ლარი გამოყო. Როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ამ მიზნით, უწყება ორ კომპანიასთან თანამშრომლობს – “კია საქართველოსთან” და “სტრადა მოტორსთან” მერიამ ხელშეკრულებები წლის დასაწყისშივე გააფორმა და ხარჯის გაღებას, წლის განმავლობაში, გაწეული მომსახურებების შესაბამისად გეგმავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის დასაწყისში მერიამ ავტომობილების დაზღვევაც გადაწყვიტა და კომპანია “ნიუ ვიჟენს” 16 ავტომობილის დაზღვევისთვის 11 040 ლარი გადაუხადა.
ოპოზიციის შეფასებით, ამ ხარჯების გაღებით მუნიციპალიტეტი სარგებელს ვერ იღებს.
“მილიონობით ლარს მხოლოდ იმაში ვიხდით, რომ მერმა, მისმა მოადგილეებმა, საკრებულოს ჩინოვნიკებმა და სხვა თანამდებობის პირებმა კომფორტული და ძვირადღირებული მანქანებით იარონ, ხალხისთვის კი ეს წყალში გადაყრილი ფულია”, – ამბობს ენმ-ის წევრი ანო ბალიაშვილი.
მისივე თქმით, მაღალაჩინოსნების მიერ სამსახურის ავტომობილებით გადაადგილების თუ საწვავის ხარჯვის მოტივები არ კონტროლდება. Ამის მიზანი კი, ბალიაშვილის თქმით, ბიუჯეტის ხარჯზე თანაგუნდელებისთვის კომფორტის შექმნაა.
“თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული მანქანებით უკონტროლოდ და ულიმიტოდ სარგებლობენ. არავინაა მომკითხავი,ამ მანქანებით მართლა საქმეზე დადიან თუ მეგობრის დაბადების დღეზე ან დასასვენებლად აჭარაში. ყველას გვახსოვს გორის მერის მოადგილის, ნიკოლოზ ღვიანიშვილის მოგზაურობა საზღვაო კურორტზე სამსახურის მანქანიტ”, – აღნიშნავს ბალიაშვილი.
Ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სამსახურის ავტომობილების პირადი მიზნებისთვის მოხმარების და საწვავის უკონტროლოდ ხარჯვის ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დაადასტურა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ აუდიტორული შემოწმება გორის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ებშიც უნდა ჩატარდეს, რადგან საბიუჯეტო სახრსების არამართლზომიერი ხარჯვა უკვე ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისასაც ჩანს.
“მარტივი დაკვირვებითაც კი დაინახავ, რომ საღამოს, არასამუშაო საათებში, გადაადგილდებიან საჯარო უწყებებში დასაქმებულები, მუნიციპალური ავტომობილებით. დარწმუნებული ვარ, რომ საწვავსაც ბიუჯეტიდან დარიცხული თანხებით ასხამენ და ასე იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს. მილიონობით ლარი იხარჯება ასე არამიზნობრივად და ეს თანხები, რა თქმა უნდა, აკლდება ყველა იმ ძირითად საჭიროებებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგში დგას”, – ამბობს ლექსო ვალიაური.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ავტომობილებით გადაადგილდებიან, საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული აქვთ, რომ მოძრავ ქონებას არ ფლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ავტომობილებით სარგებლობენ.