“სამი თვეა სასმელი წყალი მოედინება ქუჩაში. არავინ მომკითხავი არაა”, – უთხრეს “მოზაიკას” გორში, რომელაშვილების ქუჩაზე მცხოვრებლებმა.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა თვეებია აწუხებთ, მაგრამ შესაბამისი სამსახურებისგან რეაგირება არ ხდება.
“შაუმიანისა და რომელაშვილების ქუჩის კვეთაზე მოედინება წყალი, უკვე სამი თვეა და არავინ დაინტერესებულა”, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ უწყება საქმის კურსშია.
“წყალმომარაგების კომპანია უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას”, – გვითხრეს მერიაში.
საკითხზე “მოზაიკა” გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, კონსტანტინე თავზარაშვილსაც დაუკავშრიდა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
” ამჟამად, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ტექნიკაც მიყვანილია და უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება პრობლემა. სასმელი წყლის მილი დაზიანდა, სატვირთოები გადაადგილდებიან მაგ გზაზე და დააზიანეს მილი”, – განმარტა თავზარაშვილმა.