ქარელის მერია ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის ასაშენებლად 5 500 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული თანხა უწეყებას საორენტაციოდ აქვს გათვალისწინებული და შესაძლოა სამუშაოების დაწყებამდე მისი ოდენობა შეიცვალოს.
ვიდრე, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი არსებული პროექტის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესადგენად, რისთვისაც 27 500 ლარი გამოყო.
დოკუმენტაციის მიხედვით, სპორტ დარბაზი ორ სართულიანი იქნება. პირველ სართულზე განთავსდება:
- სატრენაჟორო დარბაზი,
- გასახდელები,
- საშხაპეები და სველი წერტილები.
- ასევე, სამედიცინო ოთახი, სასტუმროს მისაღები, სამუშაო ოთახები და სპორტული დარბაზი.
“პირველი სართული მეორე სართულს უკავშირდება 4 კიბის უჯრედით. მეორე სართულზე მოეწყობა სასადილო სივრცე და სასტუმროს ნომრები”, – ვიგებთ სატენდერო დოკუმენტაციიდან.
მერის წარმომადგენელი ბრეთის მეურნეობაში, თეიმურაზ ხაბარელი ამბობს, რომ აღნიშნულ შენობას სამომავლოდ მასშტაბური დატვირთვა ექნება. მისი თქმით, უამრავი სპორტსცენია, რომელიც აღნიშნული და მეზობელი სოფლებიდან სავარჯიშოდ ქალაქში დადიან.
“ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს და უფრო გაუადვილდებათ ადგილზე, რომ ექნებათ დარბაზი. სამომავლოდ ეს შენობა სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები გვყავს. რა თქმა უნდა, მოსახლოების მხრიდან იყო მოთხოვნა. მათი თანხმობითა და სურვილით კეთდება”, – განმარტა ხაბარელმა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში.