ბლოგები

დემოკრატია და თვითმმართველობა – როგორია გორის რეალობა?

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი

ამ სტატიაში შევეცდები განვსაზღვრო დემოკრატიულ სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილი და როლი

 „დემოკრატია ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც „ხალხის ბატონობას“: ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ.“ (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი) ჩემი აზრით, ესაა დემოკრატიის ყველაზე ზუსტი განმარტება მრავალ განმარტებათა შორის.

რაც შეეხება თვითმმართველობას  – ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესაბამისად: „ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.“ 

საქართველოს კონსტიტუცია ორივე პრინციპს აღიარებს და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუციის დონეზე საქართველო „დემოკრატიული“ ქვეყანაა „აყვავებული“ თვითმმართველობით.

ადგილობრივი თვითმმართველობა (უდრო მმართველობა) შესაძლოა ავტორიტარულ სისტემაშიც ეფექტურად მუშაობდეს, როგორც სერვისის მიმწოდებელი ინსტიტუტი, მაგალითად: ჰიტლერის გერმანია, დუჩეს იტალია, ფრანკოს ესპანეთი. დამოკიდებულია ავტორიტარის ამბიციაზე – რამდენად ტოტალურად სურს მართოს ყველაფერი და როგორც წესი, ადგილობრივი მართველობა ბევრად ეფექტური ევროპული დიქტატურების პირობებში იყო. რა თქმა უნდა, მონაწილეობის სეგმენტი აბსოლუტურად იყო შეზღუდული, მაგრამ დემოკრატიზაციის შემდეგ ამ სფეროში რაიმე რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით.

რაც შეეხება ნამდვილ (არა მხოლოდ დეკლარირებულ) დემოკრატიას, მისი წარმოდგენა სრულფასოვანი თვითმმართველობის გარეშე შეუძლებელია, იმენად, რამდენადაც თვითმმართველობა, ყველა არსებული განმარტებით, მოქალაქეთა უფლებას უკავშირდება და ამის უგულვებელყოფა დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია.

დემოკრატიულ სახელმწიფოს დოქტრინით ძალაუფლების დანაწილება ორი მიმართულებით ხდება – ვერტიკალურად (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) და ჰორიზონტალურად (ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლება).

ამ მიმართულებითაც საქართველოს კონსტიტუცია თითქმის აკმაყოფილებს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს: იგი ჰორიზონტალურ დაყოფაში მხოლოდ რეგიონულ დონეს არ ცნობს.

ახლა შევხედოთ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ნორმები სინამდვილეს.

ხელისუფლების ვერტიკალურ დაყოფაზე არაფერს ვიტყვი, რამდენადაც ამ მიმართულებით ქვეყანაში ფართო დისკურსია გაშლილი.

რაც შეეხება ჰორიზონტალურ დაყოფას, აქ უდიდესი და ტრადიციული პრობლემებია. თუ ვერტიკალური დაყოფის ირგლივ წუხილები და საპროტესტო მოძრაობა მაინც არსებობს, ჰორიზონტალურზე, შეიძლება ითქვას, დღეს ჩამიჩუმიც კი არ ისმის, გარდა ხალისგამოლეულ ენთუზიასტთა მცირე ჯგუფის პერიოდული ხმაურისა (ეს სტატიაც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ).

არადა ამ დროს ხელისუფლების დაყოფის ორივე მიმართულება თანაბრად აქტუალურია და მათი ცალცალკე განხილვა და ფრაგმენტული დანერგვა არათუ არასასურველი, უბრალოდ შეუძლებელიც კია, რა თქმა უნდა, თუ მიზანი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა.

დღეს საქართველოში ხელისუფლების ჰორიზონტალური დაყოფა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს. თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ რეგიონული დონე სიმბოლურადაც კი არ არსებობს და მხოლოდ ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებთან გვაქვს საქმე. მუნიციპალური დონეც აბსოლუტურად სიმბოლური და ბუტაფორიულია.

რეალურად დღევანდელი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა ადგილზე.

თვითმმართველობის შეფასებისთვის საჭირო ინდიკატორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსები, ქონება, უფლებამოსილებებია, რომლებიც საბოლოო ჯამში, სხვა გარემოებებთან ერთად, უდიდეს გავლენას ახდენს ყველაზე მთავარ ინდიკატორზე – ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე.

სტატიის ფორმატიდან გამომდინარე ამ ინდიკატორების შეფასებას არ მოვუყვები. ვიტყვი მხოლოდ ერთს:

თვითმმართველობა დღეს საქართველოში ისეთივე თავისუფალია როგორც ჯარისკაცი, რომელსაც თითქოს აქვს უფლებები, მაგრამ ზემდგომის ბრძანებით ყველა უფლება გვერდზე უნდა გადადოს, მათ შორის სიცოცხლის და გამოცხადდეს მოწყობაზე, წვრთვნაზე და ღმერთმა დაგვიფაროს ომშიც. ეს კი არა, დაიძინოს და გაიღვიძოს უფროსის ბრძანებით.

ისე ნურავინ გაიგოს, რომ რაიმე საწინააღმდეგო მაქვს ჯარისკაცებისა და ომის შემთხვევაში, ალბათ, ყველა ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ სამხედრო საქმეში დემოკრატიის ადგილი ნაკლებადაა და ამიტომაცაა ეს სფერო მკაცრად ცენტრალიზებული და განკუთვნილი ომის პირობებისთვის, ჩვენ კი მშვიდობიან პირობებზე ვსაუბრობთ.

ილია ჭავჭავაძე წერდა: „თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს… ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტათ თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს“.

აგრონომიასთან თითქმის არაფერი მაკავშირებს, მაგრამ ერთხელ ნერგები მაჩუქეს და ამიხსნეს, რომ დარგვის წინ ფესვების და ტოტების ნაწილი უნდა მომეცილებინა. ჩვენ კი თვითმმართველობის ნერგს ფესვებიც და ტოტებიც სრულად დავაჭერით, ცარიელი ყლორტი ჩავარჭეთ მიწაში, პლასტმასის ფოთლები მივაწებეთ, რომ შორიდან ცოცხალ ნერგს ჰგავდეს (ფესვები მაინც არ ჩანს) და სიამაყით ვაჩვენებთ სტუმრებს.

სკეფსისისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩვენს რეალობაში სხვა აღარ დაგვრჩენია, მინდოდა რამე ოპტიმისტურით დამემთავრებინა, მაგრამ უახლოეს პერიოდში ასეთს ვერაფერს ვხედავ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები