ახალი ამბები

ხაშურის იუსტიციის სახლი წელს გაიხსნება – იუსტიციის სამინისტრო

ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა წელს დამთავრდება, – ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ იმ ფოტოებთან ერთად გაავრცელა, რომლებზეც ჩანს, რომ იუსტიციის სახლის სამშენებლო პროცესი ადგილზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაათვალიერა. 

“2023 წელს იუსტიციის სახლები ზესტაფონში, ხაშურსა და სამტრედიაში გაიხსნება”, – წერს სამინისტრო. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება იუსტიციის სამინისტრომ, გასულ წელსაც გააკეთა. 

“უკვე წლის ბოლოსთვის ხაშურის მოსახლეობა იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას შეძლებს”, – ამბობდნენ 2022 წლის ზაფხულში იუსტიციის სამინისტროში.

ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი დემონტაჟი დაიწყეს.

სამშენებლო სამუშაოების თავიდან დაწყების შემდეგ კი, მოქალაქეთა უკმაყოფილების პასუხად, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თქვა, რომ “ხაშურის იუსტიციის სახლი ყველაზე ლამაზი იქნება”

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მომსახურების დარბაზის გარდა, თანამედროვე ინტერიერის მქონე საქორწინო-სარიტუალო სივრცეც მოეწყობა და შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება. ხაშურის იუსტიიცის სახლში 18 ადამიანი დასაქმდება.

დატოვეთ კომენტარი