ახალი ამბები

პენსიონერ ნაზი ტატუნაშვილის ბანკმა ბინა გაუყიდა, რომელიც მერის წარმომადგენელმა იყიდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში პენსიონერ ნაზი ტატუნაშვილს ბანკმა ბინა გაუყიდა, რომელიც ახლა მერის წარმომადგენლის, ზურა დაბრუნდაშვილის საკუთრებაა. 

როგორც ნაზი ტატუნაშვილმა “მოზაიკას” უთხრა, ბინა აუქციონის წესით 14 000 ლარად გაიყიდა. 

“ჩემმა შვილიშვილმა მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად დაიწყო, კვერცხების დისტრიბუციას ახდენდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს კვერცხები ვეღარ გაიყიდა, გაფუჭდა და მას ვალი დაედო. შემდეგ ჩემი სახლი ბანკში ჩადო 18 000 ლარად. ისე განვითარდა საქმე, რომ ჩემმა შვილიშვილმა ვალის გადახდა ვეღარ შეძლო, უმუშევარი დარჩა პანდემიის პერიოდი დაემთხვა”, – გვითხრა ტატუნაშვილმა. 

სესხის გადაუხდელობის გამო, ბანკმა ტეტუნაშვილს აცნობა, რომ მისი სახლი აუქციონზე იყო გატანილი. 

“მოვიდა ბანკის წარმომადგენელი და გვითხრა,რომ ბინა აუქციონზე იყო გატანილი გასაყიდად. ჩემი შვილიშვილი სთხოვდა, რომ ცოტაც დაეცადათ, მუშაობას დავიწყებ და გადავიხდიო, თუმცა უშედეგოდ, უკვე აუქციონზე იყო გატანილი ბინა”, – ამბობს ტატუნაშვილი. 

მისი თქმით, სახლი ამჟამად ზურა დაბრუნდაშვილს ეკუთვნის, რომელიც მერის წარმომადგენელია სოფელ ხცისში. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” თავად დაბრუნდაშვილმაც დაუდასტურა, ტუმცა გვითხრა, რომ სახლი აუქციონის წესით არ უყიდია. 

“აუქციონის წესით სხვა პიროვნებამ იყიდა და მერე მე ვიყიდე მისგან. ახლა მე მეკუთვნის”, – გვიტხრა დაბრუნდაშვილმა. 

ნაზი ტატუნაშვილი დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი