ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემდგომში რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს”, – ნათქვამია შსს- ს ინფორმაციაში.
ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.