გორის სკვერებში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ანახლებენ.
კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ლომჭაბუკის სკვერში სრულად გამოიცვალა დაზიანებული სანათები, ურნები და სკამები, ასევე მოწესრიგდა მწვანე საფარი.
“ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა”, – განმარტავენ სააგენტოში.
სკვერში, სადაც დაზიანებული ინფრასტრუქტურა გამოცვალეს, კამერები არ დაუყენებიათ.
კეთილმოწყობის სააგენტოში გვითხრეს, რომ ვიდეო კამერების მონტაჟი მერიის პრეროგატივაა. გორის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.
“ვაპირებთ კამერების დაყენებას, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ვიცით”, – გვითხრეს გორის მერიაში.
ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ავრცელებს ინფორმაციას სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. მათ განცხადებებში ნათქვამია ხოლმე, რომ სკამებს, სანათებს და ურნებს მოქალაქეები აზიანებენ.