“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, ფიტნეს დარბაზში საკუთარი სხეულის ფორმების შესაცვლელად მივედი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეს პროფესიონალურ დონეზე მოვეკიდებოდი”, – ამბობს 28 წლის ფითნეს ინსტრუქტორი მეგი ნადირაძე, რომელსაც უკვე 5 წელზე მეტია ხაშურში საკუთარი სტუდია აქვს.
მეგი ბავშვობიდან ცეკვავს, გარდატეხის ასაკში კი ფიტნესით დაინტერესდა, ჯერ თვითონ დაიწყო ვარჯიში, შემდეგ კი საკუთარი ცოდნის სხვებისთის გაზიარება გადაწყვიტა.
“ბავშვობიდან ვცეკვავ, ალბათ ამაზე ჩემმა გენეტიკამაც იმოქმედა, რადგან ბაბუაჩემი იყო ქორეოგრაფი ქართული ნაციონალური ცეკვების, ამიტომ ჩემს გარშემო სულ იყო ცეკვა, მელოდია, რიტმი. მაინტერესებდა ცეკვის ყველა მიმართულება ქართული, ლათინო-ამერიკული, თანამედროვე. გარდატეხის ასაკში, დავინტერესდი ვარჯიშით და როცა სტუდენტი გავხდი, გადავწყვიტე, ეს სფერო შემოსავლის წყაროდ მექცია. დაახლოებით 10 წელია, ამ სფეროში ვარ. თავდაპირველად მე ვვარჯიშობდი, შემდეგ ერთ-ერთ კერძო დარბაზში დავიწყე მუშაობა, პარალელურად კურსებს გავდიოდი და სერტიფიკატიც ავიღე, ძალიან მოსწობდათ ჩემთან ვარჯიში და სულ მყავდა ხალხი”, – გვიყვება მეგი.
23 წლის ასაკში, როდესაც მეგიმ სწავლა დაასრულა, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ქალაქს სავარჯიშო სივრცე არ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა სტუდია საკუთარი ძალებით შეექმნა.
“როდესაც სწავლა დავასრულე, დავბრუნდი ხაშურში და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში, მაგრამ ვხედავდი, რომ ქალაქში არ იყო ობიეტი, სადაც ვარჯიშს შევძლებდი, ამიტომ ჩემი ძალებით ავიღე სივრცე და მოვაწყე სტუდია. ახლა უკვე 200-ზე მეტი მოსწავლე მყავს. მეხუთე წელია, რაც ხაშურში ვსაქმიანობ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ვუწყობ ხელს”, – ამბობს მეგი.
M D S -Meggie’s Dance Studio ყველა მსურველისთვის ღიაა. მეგი პროფესიონალი ქორეოგრაფია, ამიტომ ჰყავს ქართული და თანამედროვე ცეკვის ჯგუფები.
“ჩვენი სტუდია არის მრავალპროფილური, ისწავლება ქართული ცეკვები პროფესიონალურ და სამოყვარულო დონეზე. ვასწავლით ჰიპ-ჰოპს და გვაქვს ფიტნეს ჯგუფები. ყველაზე პატარა 5 წლის მყავს და ყველაზე დიდი 76. არის სხვადასხვა ასაკები, 50, 65 და ასე შემდეგ. ჩვენი მიმართულება არის კომპლექსური ვარჯიშები, აერობიკა, ფიტნესი. დამატებით, ინდივიდუალურად ვისაც რა სჭირდება, იმათთან ცალკეც ვმუშაობ”.