ადამიანები ისტორიები

ცხოვრება ეტლით – ლევან მახათაძის გზა დასაქმებამდე და ევროპის ჩემპიონობამდე

ლევანი 23 წლისაა. სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა გორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში დაიწყო.

შეზღუდულ შესაძლებლობებს მისთვის ხელი არ შეუშლია, მიეღო ცოდნა, შემდეგ კი, მისი სხვებისთვის გაზიარება დაეწყო. 

“გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში უკვე 3 წელია დასაქმებული ვარ. ვატარებ სპორტის, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ გაკვეთილებს. ცენტრის აღსაზრდელებს ხშირად ვუყვები სხვადასხვა სპორტის და სპორცმენების შესახებ. კვირაში ერთი დღე მაქვს გამოყოფილი პრაქტიკული მეცადინეობისთვის. ცენტრში ასევე მაქვს მკლავჭიდის მაგიდა და მყავს საკუთარი გუნდი, რომელსაც ვასწავლი მკლავჭიდის ტექნიკას. ვცდილობ, რომ ყოველი მეცადინეობა გავხადო საინტერესო“.

ოჯახი და დიაგნოზი

ლევანის დიაგნოზი ბავშვთა ცერებრალური დამბლაა, რაც გულისხმობს ტვინის მოტორული ფუნქციების დაზიანებას, რომელიც ჩნდება ბავშვის დაბადებისთანავე და არსებობს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

„ვფიქრობ, რომ იმ დროს საქართველოში მედიცინა საკმარისად არ იყო განვითარებული და ვერ მოხერხდა დედაჩემის შესაბამისი მკურნალობა“.

ამბობს, რომ თავიდან ყველაფერი ბევრად რთულად იყო, თუმცა მშობლების მონდომებამ და ინტენსიურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. 

„ვცხოვრობ დედასთან და ძმასთან ერთად. მყავს ერთი წლით უფროსი ძმა, რომელთანაც ძალიან ახლო ემოციური კავშირი გამაჩნია. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ. ის არასდროს მაგრძნობინებს თავს სპეციალური საჭიროების მქონედ და ეს ყველაზე მეტად მომწონს ჩემს ძმაში, ჩვენ ძალიან ახლო დედმამიშვილობა გვაქვს“.

სპორტი და წარმატებები

უკვე 8 წელია ლევანი მკლავჭიდითაა დაკავებული. სულ ახლახანს ის ევროპის ჩემპიონი გახდა – მოლდოვაში გამართულ შეჯიბრზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 

ამბობს, რომ ამ წარმატებისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. 

ევროპის ჩემპიონობის და მანამდე ადგილობრივ ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, ამბობს, რომ დამარცხებისთვისაც მუდმივად მზად არის. 

„ვთვლი, რომ ზოგჯერ დამარცხებაც აუცილებელია. სულ გამარჯვებამ და წარმატებამ შეიძლება ადამიანი გააბოროტოს, თავი ძალიან მაგარ ვინმედ აგრძნობინოს და ამან განვითარება შეაწყვეტინოს. ჩემთვის გამარჯვება უმთავრესია თუმცა მარცხი საშუალებას მაძლევს რომ ვისწავლო და გავაანალიზო საკუთარი შეცდომები“.

სასკოლო ცხოვრება

ლევანის თქმით, სკოლამ მასზე დიდი გავლენა იქონია. აღნიშნავს, რომ სკოლაში არასოდეს გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ფიქრობს, რომ სკოლა მაქსიმალურად დაუდგა გვერდში და დაეხმარა საკუთარი თავის რწმენა ეპოვნა.

‘’ეს ზუსტად ასე იყო და ასეც უნდა ყოფილიყო. მთავარია ტვინი გიმუშავებდეს და დანარჩენი, რა არის და როგორ არის, უკვე მეასე ხარისხოვანია’’.

სწავლის პერიოდში, მიუხედავად სკოლის გვერდში დგომისა, ბარიერებს მაინც იყო –  ლიფტი არ იყო, რის გამოც უჭირდა მაღალ სართულზე ასვლა, თუმცა სასიამოვნო მოგენებები ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აქვს –  ამბობს, რომ სკოლამ მასზე იზრუნა და საპირფარეშო და საკლასო ოთახი პირველ სართულზე გადმოიტანა. 

იხსენებს იმ პროგრამასაც, რომელიც სკოლამ სსმ მოსწავლეებისთვის შექმნა და რომლითაც, მას და სხვა მოზარდებს გარკვეულ საგნებში მასალის ათვისებისის საშუალება მისცა. 

გამოწვევები 

ლევანის თქმით, ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლის დამთავრების შემდეგ შეხვდა. ახსოვს დამოკიდებულებები, რომლებსაც ადამიანებისგან გრძნობდა. განსაკუთრებით, საწყენი მისთვის დამსაქმებლების პოზიცია იყო, რომლებიც ფიქრობენ, რომ შშმ პირები სამსახურში პროდუქტიულები ვერ იქნებიან. 

„მცდარი წარმოდგენები საზოგადოებაში ძალიან უშლის ხელს შშმ პირების სოციალურ ადაპტირებას. ადამიანები, ძირითადად დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ რადგან შშმ პირი და ეტლით მოსარგებლე ხარ, არაფერი არ უნდა გააკეთო, ამდაგვარი სტერეოტიპული წარმოდგენების გამო კი ყველგან ანულირებული ხარ”.

გამოწვევების მიუხედავად, ლევანი დანებებას არ აპირებს. მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და საკუთარი შესაძლებლობების მეტად განვითარებას ცდილობს. 

“ვარ შეუპოვარი, ბრძოლისუნარიანი და ადვილად არასდროს ვნებდები. ყველაფერს ვაკეთებ საკუთარი მიზნების მისაღწევად და მუდამ ვცდილობ, რომ განვვითარდე. ჩემი აზრით, ასე უნდა მოიქცეს ყველა.“

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.