სტატიები

რა ღირს და როგორი იქნება ორი ავტობუსი, რომელსაც გორს გადმოსცემენ 

გორს უახლოეს პერიოდში ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება. მერიამ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე გააფორმა ხელშეკრულება შპს “ჯი-თი გრუპთან”, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 687 000 ლარს გადაუხდიან. 

ავტობუსები თურქული წარმოების ISUZU -ს მარკის Novociti მოდელებია, თითოეულის ფასი 343 500 ლარია. 

აღნიშნული 2 ავტობუსი  გორს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის შეძენილი ავტობუსებიდან ერგება, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. 

“ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შესყიდვის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის ავტობუსების მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 270 დღეში. ამის შემდეგ, გორს ჯამში 32 ავტობუსი ეყოლება.

კომპანიის კავშირი “ქართულ ოცნებასთან”

აღნიშნული კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი მეწილე “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.

კომპანიის დირექტორს, თემურ უსტიაშვილს 60 000 ლარი აქვს შეწირული “ოცნებისთვის”, ხოლო გიორგი გველესიანს, რომელიც 34%-იანი წილის მფლობელია, 2018 წელს 60 000 ლარი შეწირული აქვს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, 2016 წელს კი 60 000 ლარი – “ქართული ოცნებისთვის”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.