ბლოგები

კანონის გამკაცრება და ცნობიერების ამაღლება – რა მოაგვარებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემას

ავტორი: ომარ ლომსაძე, ფართო პროფილის ვეტერინარი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა საქართველოში აქტუალურია, რადგან დღემდე არ არსებობს კანონი ცხოველთა სავალდებულო ჩიპირებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას, რადგან დაჩიპული და ქუჩაში გამოგდებული ძაღლის პატრონის მიკვლევადობა მარტივადაა შესაძლებელი, რომლისთვისაც კანონშივე იქნება გაწერილი შესაბამისი სანქციები. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადეობის ცნობიერების ამაღლება, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს იმ შიშებს, რასაც ჩვენ გარშემო ვისმენთ. 

ცხოველის ყურზე სანომრე ნიშნის არსებობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ცხოველი გასტერილებულია და აცრილია ცოფზე.

სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ რადგან ქუჩაშია, ცოფიანია. მქონია შემთხვევები, როცა პატრონს მოუყვანია კლინიკაში ცოფზე ასაცრელად იმ მიზეზით, რომ მიუსაფარ ძაღლთან ითამაშა და ახლო კონტაქტი
ჰქონდა.

ბევრს ეშინია, როცა ქუჩაში ათობით ძაღლი ჯგუფურად გადაადგილდება და მესმის მოსახლეობის, თუმცა მათი ასე მომრავლებაც და ჯგუფურად სიარულიც ჩვენი დანაშაულია.

რადგან, ხშირია, როცა ცუგები ბავშვის გასართობად მიჰყავთ სახლში და როცა გაიზრდება, აღარ მოსწონთ და ქუჩაში აგდებენ ან როცა დაბერდება და ტერიტორიას ვერ იცავს, რესტორნებთან სვამენ იმ გათვლით, რომ საკვები არ მოაკლდებათ.

ასევე, პრობლემაა, მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, როდესაც უყვირიან, ხელჯოხს უქნევენ, ქვას ესვრიან. ასეთ დროს ისინი აგრესიულები ხდებიან. როდესაც ქუჩაში ძაღლი შეგხვდებათ, ან წყნარად მიმართეთ, ან ყურადღება არ მიაქციოთ და ისე გაიარეთ, ნახავთ, რომ ხმას არ გაგცემთ.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მუნიციპალური და ინტერმუნიციპალური სააგენტოები, რომლებიც ახორციელებენ კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამას, მკურნალობენ, უკეთებენ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას და აბრუნებენ დისლოკაციის ადგილზე. სახელმწიფოს აქტიურად ეხმარება კერძო სექტორიც, რომლებიც სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ცხოველებს.

თუმცა იმისათვის რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, აუცილებელია, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, სავალდებულო ჩიპირება და მიუსაფარი ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის პროგრამის მაქსიმალურად დატვირთვა.

დატოვეთ კომენტარი