ბლოგები

რატომ უჭირთ მოსწავლეებს ლექსის დასწავლა?

ავტორი: ნანა ლომიძე

დღეს, როდესაც მოსწავლეთა ცოდნა მნიშვნელოვანია, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარკვეული უნარების განვითარებაც. თუმცა სწავლა-სწავლების პროცესში გარკვეულ პრობლემებსაც ვაწყდებით სხვადასხვა საფეხურზე. მინდა გამოვყო საბაზო საფეხურის მოსწავლეების მხრიდან ლექსების დასწავლის პრობლემა. როგორც ვიცით, საბაზო საფეხურის მოსწავლეები გარდატეხის ასაკის გამო იცვლებიან. ეცვლებათ შეხედულებები, ხასიათი, სწავლის მიმართ დამოკიდებულება და ა. შ. უნდა აღინიშნოს მათი  ხანმოკლე მეხსიერებაც.

როდის აღმოვაჩინე პრობლემა?

მოსწავლეებს ხშირად ვავალებ ამა თუ იმ ლექსის ზეპირად სწავლას. აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა აზრი ორად გაიყო. აღმოჩნდა, რომ ერთი ნაწილი სიამოვნებით ასრულებდა დავალებას, მეორე ნაწილი კი მოვალეობის მოხდის ან ნიშნის მიღების მიზნით, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლების ამ პროცესს ტანჯვას უწოდებდნენ. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, პრობლემა საყურადღებოა.

რაში გვეხმარება ლექსის (და არა მარტო) დაზეპირება?

  • ინფორმაციის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებაში;
  • სამეტყველო უნარებიის განვითარებაში.
  • ლექსიკის გამდიდრებაში;
  • აზრის სწორად დამახსოვრებაში;
  • რაში გვიშლის ხელს დაზეპირება?
  • გააზრება-გაანალიზებაში;

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, კითხვისა და წერის უნარებია. თუმცა აქვე, პატარა ასაკიდან წერასა და კითხვასთან ერთად, ანალიზი და გააზრებაც უნდა ვასწავლოთ. არის ისეთი საკითხები, მაგალითად: ფორმულა, დაბადების თარიღი, ტერმინი და სხვა, რომელთა დაზეპირება საჭიროცაა,  მაგრამ არის საკითხები, რომელთა დაზეპირებაც არაა რეკომენდებული. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, სასურველ ინფორმაციას უმოკლეს დროში ნებისმიერი ადგილიდან მოძებნიან, ნახავენ, გამოიყენებენ და იქვე რჩება, ამას არ ან ვერ იმახსოვრებენ, მთავარია შეკითხვას უპასუხეს.

როდიდან ან როგორ უნდა დავიწყოთ ზეპირმეტყველების უნარის  განვითარება?

ეს ცოტა რთული დასადგენია, თუმცა შემიძლია ვურჩიო ყველას, რომ პატარა ასაკიდანვე მივაჩვიოთ მოსწავლეები გარკვეული ინფორმაციის სწორად დამახსოვრებას, იქნება ეს დაზეპირება თუ გაანალიზება. ვასწავლოთ სწორი ფორმით, ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა, ლექსმა ადამიანს სიამოვნება უნდა მიანიჭოს, თითოეული სიტყვისა და ფრაზის მიღმა ავტორის ემოცია და ხასიათი იკვეთება. ბავშვობიდან ამის შთაგონება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში მოზარდში განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ამ მხრივ, ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობისათვის.

როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას?

პირველ რიგში ვაცნობ მიზანს. ვუხსნი, რომ დაიზეპირე, ნიშნავს გახსოვდეს მუდმივად. რისთვის  გვჭირდება ლექსისა თუ გარკვეული ინფორმაციის დეტალურად დამახსოვრება, რაში გამოგვადგება ის. შემდეგ ვუხსნი, რომ ეს მასალა, იქნება ლექსი თუ სხვა რამ, აუცილებლად კარგად უნდა იყოს დამუშავებული, გაანალიზებული.

თუ ასე არ ვიმუშავებთ, რა შედეგს მივიღებთ?

მოსწავლე მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაწერს ინტერნეტში სასურველი თემის დასახელებას, პირდაპირ იპოვის სასურველ პასუხს, გამოიყენებს, არ გაიაზრებს და ვერ დაიმახსოვრებს. რა სარგებელი მიიღო ამ დროს მოსწავლემ? რა თქმა უნდა, არაფერი. პირიქით, დაზარალდა, დაკარგა დრო, ვერ გაიგო, რაში დაეხმარა ეს ინფორმაცია.

რაც შეეხებათ მასწავლებლებს, ისინი თვლიან, რომ დავალება არასრულფასოვანია თუ გარკვეულ ნაწილს ზეპირად არ მოსთხოვს მოსწავლეებს, ან არაფერი დაშავდება თუ ინტერნეტში მოძიებულიდან უპასუხებს. როგორ უნდა მიიღოს მოსწავლემ ლექსით სიამოვნება? როგორ ჩაწვდება იგი ლექსის სიღრმეს? პოეზიას როგორ ვაზიაროთ? მოსწავლეები თავადაც შეწუხებულები არიან ამ სიტუაციით, ისინი ვერ აანალიზებენ, რომ ლექსი საძულველი კი არა სასიამოვნოა. მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება დაეხმარებათ ცოდნის დონის ამაღლებასა და გაგება-გააზრების უნარის განვითარებაში.

ასეთია ჩემი რეკომენდაცია მასწავლებლებისათვის:

  • მოვასმენინოთ მოსწავლეებს მსახიობების წაკითხული ლექსები;
  • დავალებისას მეტი კონკრეტული მითითება სჭირდებათ მოსწავლეებს;
  • მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირი;
  • მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ლექსის გაგება, დამუშავება, გაგება-გააზრება ინფორმაციის ორგანიზატორების გამოყენებით.
  • საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. დავშალოთ სტრიქონებად, აავაწყოთ სტროფებად, სტროფები კი ვაქციოთ ლექსად. დავაკვირვოთ რითმასა და რიტმზე, შევუწყოთ ხელი, დააკვირდნენ ლექსთწყობას.

რეკომენდაციები მშობლებს:

  • თვალი ადევნეთ რა უჭირთ თქვენს შვილებს ლექსის შესწავლისას;
  • შეეცადეთ, არ ჩაერიოთ მასალის დამუშავების პროცესში;
  • ითანამშრომლეთ მასწავლებელთან, რათა პრობლემა მალევე მოგვარდეს.
  • რეკომენდაციები მოსწავლეებს:

და ბოლოს, მოსწავლეებს ვურჩევ, რომ ლექსით დატკბნენ, ჩაუღრმავდნენ და ამოიცნონ ემოციები, გაეცნონ ავტორის ბიოგრაფიას, დააკავშირონ შემოქმედებასთან, მოუსმინონ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, პოეტის ან მსახიობის მიერ წაკითხულს, გამოიყენონ გარკვეული სტრატეგიები, შეეცადონ ჯერ კარგად, სწორად, გააზრებულად წაიკითხონ, შემდეგ კი დამახსოვრებას შეუდგნენ. თავიდანვე თუ ნეგატიურად მიუდგებიან, ლექსი სატანჯველად გადაექცევათ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თუ მასწავლებელი და მოსწავლები ერთად, მიზნიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად შერჩეული აქტივობებით მუშაობენ, შედეგიც არ დააყოვნებს, უფრო მეტიც მოსწავლეს ესთეტიკურ გემოვნებას ჩამოვუყალიბებთ და რამდენიმე  მიმართულებით ვავითარებთ მოზარდებს. მოვუხსნით კომპლექსებს, რომლებიც ლექსის გამომეტყველებით კითხვას უშლის ხელს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები