სტატიები

უკანონოდ გაცემული 5 200 ლარი და ლიმიტის გადაჭარბებით დახარჯული ტონობით საწვავი – კასპის მერიის მუშაობა აუდიტის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 23 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს შორის, კაპის მერიის 2020-2021 წლების მუშაობაც შეისწავლა. 

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ კასპში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე 5 200 ლარი უკანონოდ გაიცა და ასევე ტონობით საწვავი ლიმიტების გადაჭარბებით დაიხარჯა. 

სახელფასო დანამატების უკანონოს გაცემის ფაქტი 

2020-2021 წლებში დანამატის სახით 5 200 ლარის გაცემის ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა. 

აუდიტის დაკსვნით,  პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ.

“საჭიროა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გაატარონ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში დასაბრუნებლად”, – ვკითხულობთ დასკვნაში. 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 3 პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა.

დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული დანამატის მიმღები პირების ვინაობა, თუმცა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, მერი, მერის მოადგილეები.

ლიმიტების გადაჭარბებით დახარჯული ტონობით საწვავი 

აუდიტის სამსახურის ცნობით, სამმა მუნიციპალიტეტმა და მათ შორის კასპმა 6.4 ტონა საწვავი ლიმიტების გადაჭარბებით დახარჯა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მერიამ ვერ წარადგინა გახარჯული საწვავის დოკუმენტური დასაბუთება.

“მუნიციპალიტეტებმა დაუშვეს საწვავის ხარჯვის პროცესის ძირითადი კონტროლის მექანიზმის – აგაი სისტემის გვერდის ავლის შესაძლებლობა და ამასთანავე, სათანადოდ არ დაიცვეს მათ მიერვე დაწესებული კონტროლები საწვავის ხარჯვის ლიმიტების სახით”, – აღნიშნულია დასკვნაში. 

აუდიტის ცნობითვე, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს, კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ და ლიმიტების დარღვევით, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.