ახალი ამბები

კასპელი აქტივისტის ცემის ამბავი საია-ს ანგარიშში “სახიფათო პრეცენდენტად” შეფასდა

კასპელი აქტივისტის, ირაკლი მილაძის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ “მოზაიკამ” 6 თვის წინ დაწერა. მაშინ მილაძემ პოლიციელები ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი განცხადებიდან მალევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

აღნიშნული ამბავი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშიც მოხვდა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ირაკლი მილაძე სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად TikTok-ის პლატფორმაზე 2022 წლის 10 დეკემბერს განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო.

ვიდეოში მილაძე აკრიტიკებდა თბილისში არსებულ სატრანსპორტო მოძრაობას, ვიდეოში ახსენებდა კახა კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს. 

“პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ”, – წერია საია-ს ანგარიშში.

სასამართლომ განმარტა, რომ TikTok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

“სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე“, – წერია ანგარიშში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვიდეო შეიცავს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე”, რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედებაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ “საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს”.

ამავე თემაზე: “ჩამსვეს მანქანაში და ცემა დამიწყეს” –რაკლი მილაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

დატოვეთ კომენტარი