სტატიები

როგორ ირიცხებოდა გორის მერიის 2 ა(ა)იპ-ის ბიუჯეტიდან ფული აზარტული თამაშების ანგარიშებზე – დეტალები აუდიტის დასკვნიდან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა გორის მერიის ორი ა(ა)იპ-ის ანგარიშებიდან თანხების უკანონო ხარჯვის ფაქტიც. 

“ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად, კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან საბიუჯეტო სახსრები”, – წერს აუდიტის სამსახური. 

დასკვნის მიხედვით, ორივე ა(ა)იპ-ის ბიუჯეტიდან თანხა სისტემატურად ირიცხებოდა ფიზიკური პირის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. საუბარია ბუღალტერზე, რომელიც ახლა დაკავებულია და რომელიც ორივე ა(ა)იპ-ში მუშაობდა. 

მის მიერ გადარიცხვების საფუძვლად მითითებული/წარდგენილი იყო სხვადასხვა დოკუმენტი – ხელფასის უწყისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ დოკუმენტები არ იყო ავთენტური”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით,  აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა ფიზიკური პირის 6 საბანკო ანგარიში, რომლებზეც, დაახლოებით, ორწლიან პერიოდში 266 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში, დაახლოებით, 375 000 ლარი შეადგინა.

“ხელფასის უწყისებში ირიცხებოდნენ პირები, რომლებიც ა(ა)იპ-ის თანამშრომლები არ იყვნენ ანდაც გადარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები, მაშინ როდესაც შესაბამის პერიოდზე ანგარიშფაქტურების საფუძველზე ანგარიშსწორება უკვე განხორციელებული იყო”, – წერია დასკვნაში. 

როგორც დაკსვნიდან ვიგებთ, დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აცნობა. 

აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში ა(ა)იპ-ების დირექტორებთან ერთად, მერიის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. 

“იურიდიული პირის ბუღალტრის მიერ ინიციირებულ საგადახდო დავალებას ადასტურებს ა(ა)იპ-ის დირექტორი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი. მიუხედავად დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა, უკანონო ტრანზაქციები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ვერ იქნა იდენტიფიცირებული. გადარიცხვები კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ დადასტურებულია, რაც მათ მიერ ფუნქცია-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე მიუთითებს. აღნიშნული მათი არასათანადო კვალიფიკაციით იყო გამოწვეული თუ ურთიერთშეთანხმების შედეგია, შემდეგი მოკვლევის საგანს წარმოადგენს”, – აღნიშნულია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო, ამ დროისთვის დაკავებული მხოლოდ ბუღალტერია, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, ბიუჯეტის ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა.

ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელები ზურაბ ილურიძე, დავით წეწვაძე და გელა კაპანაძე კი სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. მათ 10 000 ლარიანი გირაოები შეეფარდათ. 

რაც შეეხება მეორე ა(ა)იპ-ს, ხელმძღვანელი პირის მიმართ სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.