ახალი ამბები

გორის მერიაში ჩატარებული აუდიტის ანგარიში გასაჯაროვდა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიის 2020-2021 წლების მუშაობა შეისწავლა და ანგარიში საკუთარ ვებ.გვერდზე გამოაქვეყნა. 

დიკუმენტის მიხედვით, გორის მერიას ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით აღმოუჩინეს, მათ შორის ინფრასტრუქუტურული პროექტების არასწორად დაგეგმვის და წარმართვის კუთხითაც. 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, 546 800 ლარის ღირებულების პროექტები უხარისხოდ განხორციელდა, რის გამოც, ობიექტების მდგომარეობა მოკლე დროში გაუარესდა. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ:

“მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და მართვის პროცესები. შედეგად, 407.0 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა.”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადგილობრივ ხელისუფლებას ხარვეზები საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვაშიც აღმოუჩინა. დოკუმენტში ამის ერთ-ერთ მაგალითად კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტრის ამბავია მოყვანილი. 

“2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375.0 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს”, – აღნიშნავს აუდიტის სამსახური. 

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა შესყიდვების კუთხით აღმოჩენილ ხარვეზებს – სახელწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მერიამ 144 200 ლარი არაეკონომიურად დახარჯა, ხოლო 58 500 ლარი დაკარგა. 

“ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვისას, მერიამ ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება, შეწყვიტა სატენდერო პროცედურები და გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული წესით, გაუარესებული პირობით (მაღალ ფასად) გააფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც 144.2 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.

მერიის მიერ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრისა და მათ შესრულებაზე დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას. ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხები შემცირებულია დაუსაბუთებლად. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ვერ მიიღო 58.5 ათასი ლარის შემოსავალი”, – ნათქვამია ანგარიშში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიას ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვის და ქონების განკარგვის კუთხითაც დაუდგინა. 

“მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის სათანადო ადმინისტრირებას. რიგ შემთხვევებში მის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია, რის გამოც 2021 წლის ბოლოს მოსარგებლეების მიერ გადაუხდელი დავალიანება, ჯამურად − 228.7 ათას ლარს შეადგენს”, – წერია ანგარიშში. 

დატოვეთ კომენტარი