საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
სააკაშვილი ამბობს, რომ პატიმრობის მიუხედავად, შეეცდება აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში უკრაინის პარალელურად.
“ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით”, – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, აპირებს, რომ ყველა სასამართლო პროცესში მიიღონ მონაწილეობა, სადაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს. იგი ასევე მოუწოდებს ყველა ძალას ერთიანობისკენ, პირველ რიგში კი, ნაციონალურ მოძრაობას.
ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილება შიდა ქართლში ენმ-ს წარმომადგენლები აფასებენ.
შიდა ქართლის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიური ჩართულობა ქვეყანას მნიშნველოვნად დაეხმარება.
“მიუხედავად მესამე პრეზიდენტის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის კარგად ხვდება ქვეყანა რომ გადასარჩენია და მოუწოდებს ყველა პროდასავლურ პარტიას ერთიანობისკენ. ჩვენი, ყველას ვალია ქვეყანა იყოს დაცული და ეს მხოლოდ ევროკავშირში შესვლითაა შესაძლებელი და არა რუსული გავლენების დამკვიდრებით ქვეყანაში, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. დღეს, კიდევ ერთხელ გაბედეს, რომ 2008 წელს გმირულად მებრძოლ ჩვენს მოქალაქეებს და გმირ ჯარისკაცებს ლაჩრულად წაგებული ომი უწოდეს. სწორედ, ეს იყო ბოლო წვეთი “ქართული ოცნების” რუსული ინტერესის გაჟღერებისა და მიხეილ სააკაშვილის რეაქციაც ასეთი უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ბასიშვილი, გორის ოფისის ხელმძღვანელი.
“მისი დაბურუნება აუცილებელი იყო. ცოტა ადრეც რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება, კარგი იქნებოდა. მისნაირი ადამიანები ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკას. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური”, – განაცხადა ილია ბურჯანაძემ, ქარელის ოფისის ხელმძღვანელმა.
სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ პარტიის წევრებიც.
“მისასალმებელია მიშა სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის და ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად”, – განაცხადა ეკატერინე პაპუაშვილმა.